ვასილ მაღლაფერიძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის 2021 წლის ანგარიშში ასახულია ყველა ძირითადი პარამეტრი, ეკონომიკური მაჩვენებლები და გამოწვევა, რომელიც არხის წინაშე დგას
საზოგადოებრივი მაუწყებლის 2021 წლის ანგარიშში ასახულია ყველა ძირითადი პარამეტრი, ეკონომიკური მაჩვენებლები და გამოწვევა, რომელიც არხის წინაშე დგას, მათ შორის, შენობის მშენებლობა, ტექნიკური გადაიარაღება, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ პარლამენტში განაცხადა.
ანგარიში დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მოისმინეს. როგორც სხდომის შემდეგ ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნა, კომიტეტმა დადებითად შეაფასა ანგარიში.
„2021 წელს გრძელდებოდა მაუწყებლის ტექნიკური გადაიარაღება. ასევე, გრძელდება ახალი შენობის მშენებლობა, რომელიც გაისად უნდა დასრულდეს. პირველი არხი აწარმოებს ორიგინალურ ქართულ პროდუქციას და არ ხვდება ე.წ. მდარე კულტურის ნიმუშები. გადაცემებში ძალიან დიდი წილი აქვს განათლებას, შემეცნებას, კულტურას. მაქსიმალურად ვცდილობთ ხელოვნების სფეროს მხარდაჭერას. ასევე, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქართული სპორტის პოპულარიზაციას. არხზე სრულფასოვნად არის წარმოდგენილი საინფორმაციო. 2021 წელს არხმა გააშუქა არჩევნები და, როგორც შიდა, ასევე ეუთო/ოდირის დასკვნის შედეგად, საზოგადოებრივი მაუწყებელი იყო ყველაზე მიუკერძოებელი, დაბალანსებული, რომელმაც სამართლიანად გაანაწილა დრო პოლიტიკურ სუბიექტებს შორის, ასევე შინაარსის თვალსაზრისით, გამართა დებატები და იმოქმედა ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.