ვასილ მაღლაფერიძე - საზოგადოებრივი მაუწყებელი მოისმენს ყველა მოსაზრებას, მაგრამ გადაწყვეტს ისე, როგორც თავად მაუწყებელს მიაჩნია

პირველი არხი ცდილობს, მაქსიმალურად წარმოაჩინოს მრავალფეროვნება და ის სიღრმეები, რაც კი ტელევიზიას შეუძლია, – ამის შესახებ პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ დღეს პირველ არხში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

შეხვედრა დღეს პირველი არხის მენეჯმენტსა და ტელევიზიასთან გამართული აქციის ორგანიზატორებს შორის გაიმართა. პირველ არხთან დღეს აქცია გამართეს ჯონდი ბაღათურიამ, გურამ ფალავანდიშვილმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ და მათმა მხარდამჭერებმა. აქციის მონაწილეები ითხოვდნენ, რომ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გააშუქოს აქციები, რომელიც მიმართული იქნება საქართველოს მიერ მიგრაციული პაქტის ხელმოწერის წინააღმდეგ“.

შეხვედრაზე დიმიტრი ლორთქიფანიძემ არხის სამაუწყებლო ბადე გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდულ-შემეცნებითი გადაცემები არ გადის.

„გადავხედე თქვენს სამაუწყებლო ბადეს, ოთხი მხატვრული ტელესერიალია, სამი დოკუმენტური, სამი მხატვრული ფილმი მთელი სამაუწყებლო ბადის 24-საათიანი ქრონომეტრაჟის პირობის გათვალისწინებით. სად არის ახალგაზრდული შემეცნებითი გადაცემები, მათ შორის, სააბიტურიენტო საათები, რომელიც არ მგონია, რომ რეიტინგს ქვემოთ წევდეს“, – განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

არხის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ვისაც პრეტენზიები აქვს, მან, სულ მცირე, უნდა უყუროს და უსმინოს პირველ არხს.

„მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზიის დირექტორი ვარ, სახლშიც და სხვასაც ვეუბნები, რომ ტელევიზიის მაგივრად წიგნი წაიკითხონ. ზოგადად, მე არ ვარ ტელევიზიის ფეტიშისტი, მაგრამ ჩვენს პირობებში, ჯერჯერობით, თქვენ ბრძანეთ, რომ ეს აუცილებელია. რადგან აუცილებელია და პრეტენზიები გვაქვს, მაშინ პირველ არხს მინიმუმ უნდა უყურებდეთ და უსმენდეთ. პირველი არხი ცდილობს, მაქსიმალურად წარმოაჩინოს კულტურული მრავალფეროვნება და სიღრმეები, რაც კი ტელევიზიას შეუძლია ჩვენთან და შესაძლებელია, მათ შორის თუნდაც, სერიალები“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

გარდა ამისა, შეხვედრაზე დიმიტრი ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რომ „შემთხვევით არ ხდება, რომ „მეცხრე არხისა“ და „ჯიდიესის“ თანამშრომლები პირველ არხში არიან მობილიზებული“.

„ეჭვი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ვინმეს კონტროლის ქვეშ ან იქნება, ამაზე არც არავინ არ იოცნებოს. ამის მცდელობები მუდმივად გვაქვს და შემოტევებიც. ეს არის არასწორ სიტუაციაზე მოწოდებული პოზიცია, რომ აი, „ჯიდიესიდან“ აქ რატომ მუშაობენ? საიდან გნებავთ, რომ აქ მუშაობდნენ? მაშინ მე გეკითხებით, რა სეგრეგაციას ახდენთ? თქვენ ასეთ სეგრეგაციაში არასდროს მონაწილეობას არ მიგაღებინებთ“, – მიმართა ვასილ მაღლაფერიძემ დიმიტრი ლორთქიფანიძეს.

ამასთან, ლორთქიფანიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ დაქირავებული ექსპერტების დასკვნაზეც ისაუბრა, რომელიც საზოგადოებისთვის ორი დღის წინ გახდა ცნობილი, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, დიმიტრი ლორთქიფანიძეს ეს დასკვნა ნანახი ჰქონდა დაახლოებით ერთი კვირის წინ.

„სამეურვეო საბჭომ, რომელსაც ირჩევს პარლამენტი, მოიწვია ექსპერტები და შეგვაფასეს. დიახ, სხვადასხვა დონეზე გვაფასებენ. ზოგს ვეთანხმებით, ზოგს – არა. საზოგადოებრივი მაუწყებელი მოისმენს ყველა მოსაზრებას, მაგრამ გადაწყვეტს ისე, როგორც თავად მაუწყებელს მიაჩნია. ბატონი დიმიტრი, რომელიც აღმოჩნდა და ეს მისი უფლებაა, რომ ტელევიზიებს საერთოდ არ უყურებს, ძალიან კარგად იცნობს იმ დასკვნას, რომელიც გუშინ დავდეთ. პროფკავშირებთან უნისონშია გაშუქებული ჩვენი კრიტიკა. მენეჯმენტს მართლაც აქვს პროფკავშირთან გარკვეული წინააღმდეგობრივი ელემენტები. ზოგი ერთ გუნდს უჭერს მხარს, ზოგი მეორეს, თქვენ უფლება გაქვთ, დაუჭიროთ მხარი, მაგრამ ამ საკითხებს პირველი არხი გადაწყვეტს ისე, როგორც გადაწყვეტს“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.