ვასილ მაღლაფერიძე - საზოგადოებრივი მაუწყებელი არის საზოგადოებრივი არხი და არა საპარლამენტო
საზოგადოებრივი მაუწყებელი არის საზოგადოებრივი არხი და არა საპარლამენტო, – ასე უპასუხა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძემ ოპოზიციონერი დეპუტატის, ნიკა მაჭუტაძის განცხადებას, რომ „მეორე არხი უწყვეტად აშუქებდა პარლამენტის საქმიანობას, რომელიც შეწყდა და დღეს პრაქტიკულად საპარლამენტო არხი აღარ არსებობს“.
როგორც ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნა, ევროპული პრაქტიკაა, რომ დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ტელევიზია პარლამენტის სხდომებს არ გადასცემს.
„რაც შეეხება პარლამენტის სხდომას, მივდივართ ევროპული პრაქტიკით, ყველაზე მეტი კამათი უმრავლესობის წევრებთან მე მქონდა. ეს არ არის ევროპული პრაქტიკა, არ უნდა გადასცემდეს საზოგადოებრივი დამოუკიდებელი ტელევიზია პარლამენტის სხდომებს, გადაიცემა პარლამენტის საიტზე და ყველაფერი ისეა. საზოგადოებრივი არხია და არა საპარლამენტო“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.