ვასილ მაღლაფერიძე - საქართველოს პირველი არხის ახალი შენობა იმ ადგილას აშენდება, სადაც მიწა შეუდარებლად უფრო იაფია, არ არის აუცილებლობა, ტელევიზია გინდა თუ არა, ცენტრში იდგას
ვასილ მაღლაფერიძე - საქართველოს პირველი არხის ახალი შენობა იმ ადგილას აშენდება, სადაც მიწა შეუდარებლად უფრო იაფია, არ არის აუცილებლობა, ტელევიზია გინდა თუ არა, ცენტრში იდგას

ვინც საქმეში ჩახედული არ არის, შეიძლება, თქვას, რომ ვიღაცამ ახალი შენობა აიხირა, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„არის ხოლმე შეკითხვა – რატომ ახალი შენობა. იმიტომ, რომ ამას ალტერნატივა არ აქვს. ახლა სიტყვის თავისუფლებაა და ვისაც რა აზრის გამოთქმა სურს, იმ აზრს გამოთქვამს, მაგრამ ახალი შენობის აშენებას ალტერნატივა არ აქვს. მაშინ, ასე უნდა ვთქვათ, რომ ეს შენობა ბოლოს უბრალოდ, ჩამოინგრეოდა და შეიძლება, ამას მსხვერპლიც მოჰყოლოდა“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

მისი თქმით, სანამ ახალი მენეჯმენტი იქნებოდა და ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, ახალი შენობის საჭიროების საკითხი მინიმუმ, 15 წლის განმავლობაში იდგა, რადგან ტელევიზიის შენობა ინგრევა.

„ინგრევა სხვადასხვა ობიექტური მიზეზის გამო. აქ არის მიწისქვეშა წყლები, არის მიწისძვრის თემა და არის დასკვნა, რომ ამ შენობის რემონტი არ შეიძლება. თანხებიც რომ დახარჯო, შენობას ხელს ვერ დააკარებ“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ ტელევიზიის ძალიან დიდი შენობა ძველ სისტემასაა მორგებული, როდესაც გაზი და დენი უფასო იყო, დღეს კი ეს ყველაფერი შეუძლებელია და შესაბამისად, შენობა ვერ თბება და გრილდება.

„აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, თანამშრომლები რაღაცას ცდილობენ და ეს შენობა რომ იტყვიან, ნაღმზეა, რადგან ელექტროობა ცუდ მდგომარეობაშია და კიდევ ერთია – კი, გარეგნულად კარგად გამოიყურება და ჩვენ არაფერი საპრეტენზიო არ გვაქვს, გვერდზე დგას კორპუსი და დგას პოლიციის შენობა, მაგრამ იმ ადგილას 25-ტონიანი სახანძრო-უსაფრთხოების ავზი იდგა, დღეს კი ფაქტობრივად, პატარა ცეცხლმაქრების იმედად ვართ“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ არ შეიძლება, შენობა დაინგრეს და ახალი შენობა იმავე ადგილზე აშენდეს, ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა, რომ შენობა ძვირადღირებულ ადგილას დგას და არავითარ აუცილებლობას არ წარმოადგენს, ტელევიზია ამ ძვირადღირებულ ადგილას იყოს.

„აქ რომ ახალი შენობა აგვეშენებინა, ეს პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნებოდა, რადგან მშენებლობას ორწელიწადნახევარი უნდა და ქალაქის ცენტრში ეს წარმოუდგენელია. თან, ტელევიზიას უნდა ეფუნქციონირა. გარდა ამისა, ამ ადგილას ახალი შენობა რა რესურსით უნდა აშენებულიყო?! ეს დამატებითი თანხა იყო, ახალი შენობა კი იმ ადგილას აშენდება, სადაც მიწა შეუდარებლად უფრო იაფია, ვიდრე აქ. არ არის იმის აუცილებლობა, ტელევიზია გინდა თუ არა ცენტრში იდგას. ეს არ არის ამ ტიპის დაწესებულება და ალბათ, ვინც იქნება ინვესტორი და ვინც ამას შეიძენს, ის უფრო შესაბამის ფასს გადაიხდის და აქ შესაბამისი ტიპის ნაგებობა აშენდება, რომელიც ამ ფასს გაამართლებს“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

საქართველოს პირველმა არხმა ახალი შენობის მშენებლობის ტენდერი დღეს გამოაცხადა.