ჩვენ ერთ პაწაწინა გემზე ვართ, სამ მილიონ-ნახევარი ადამიანი, გარშემო აისბერგებია. გემზე მყოფთა ერთი ნაწილი რატომღაც დარწმუნებულია, რომ მეორე ნაწილი მოწოდებული ვართ, ეს გემი გავხვრიტოთ და დანარჩენებს თეთრ ვეშაპთან ბრძოლის საშუალება არ მივცეთ, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ერთია, როცა ადამიანი ცუდად იქცევა და მეორეა, როცა მედია ამას აქეზებ. მედია ამას არ უნდა აკეთებდეს. იცით, კონკრეტული ადამიანები როგორ არიან? დილით რომ იღვიძებენ, ბოღმით იღვიძებენ და უნდათ, რომ შენ იყო ცუდი ადამიანი. უნდა, რომ სხვა ცუდი ადამიანი იყოს, ხალხის მტერი და მაშინ თვითონ იქნება სწორი. მათი ფიქრით ბიძინა ნომერ პირველი მტერია ხალხის და წყლებს წამლავს, და ჩვენ, ვინც ასევე ხალხის მტრები ვართ, მისი დავალებით ვენახს ვჭრით და ასეთ რაღაცებს ვაკეთებთ. ამას ამბობენ და ამის სჯერათ ვიღაცებს. არიან ისეთები, რომლებიც ამას ანგარიშით აკეთებენ და დანარჩენებს იყენებენ, როგორც ფიგურებს. მე ხომ ნამდვილად ვიცი, რომ წყალს არ ვწამლავ და ისიც ნამდვილად ვიცი, ბიძინაც რომ არ წამლავს ამ წყალს. ჰოდა, ეს უნდა ვამტკიცო ახლა, რომ წყალს არ ვწამლავთ? უნდათ, ბიძინა იყოს დემონი და ძალიან ცუდი საქმეები აკეთოს, ბიძინა კი „ცუდად იქცევა“ და კარგ საქმეებს აკეთებს, რაც უნგრევთ მათ მიერ შექმნილ სტერეოტიპს. მათ გაუხარდებოდათ, ბიძინას ის პალიმფსესტი რომ დაეწვა, მან კიდევ მუზეუმს აჩუქა. ეს მოცემულობა გვაქვს და ამ მდგომარეობიდან უნდა გამოვიდეთ“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.
ამ განცხადებით ვასილ მაღლაფერიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რატომ ვერ თანხმდება საზოგადოება იმ ღირებულ და მნიშვნელოვან შენაძენზეც კი, როგორიცაა კრისტის აუქციონზე ბიძინა ივანიშვილის მიერ შეძენილი პალიმფსესტი, იოანე ზოსიმეს მიერ შესრულებული უძველესი ხელნაწერი, რომელიც სულ მალე საქართველოში ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა და რამ გამოიწვია ამ ეროვნული საგანძურის ირგვლივ პოლიტიზებული აჟიოტაჟი?
როგორც მაღლაფერიძემ აღნიშნა, ბოლო დროს ხშირია პრორუსის იარლიყის მიწებების ფაქტები, რაც საკრალურ ტერმინად იქცა.
„პრორუსი რა არის? ეს არის ხალხის მტერი. პრობლემები რომ გაქვს, მიდის მტრის ძიება. ასე ქნა ჰიტლერმა, მტერს ეძებდა და მერე იპოვა ხალხი, ამათი ბრალიაო. ასე იპოვეს ბოლშევიკებმა და ხალხს უთხრეს, თქვენ რომ პრობლემები გაქვთ, ამათი ბრალიაო. ახლაც რაღაც პრობლემებია, მტერს ეძებენ და იძახიან, ამათი ბრალიაო, იმ ადამიანების, რომლებიც რაღაც კითხვებს ვსვამთ და რაღაცას ვსაუბრობთ. ეს ვინც მოიფიქრა, ასე დაალაგა, მოდი, ახლა ამათ საერთოდ გამოვთიშავთ და დავარქმევთ პრორუსებსო. თან, დოსტოევსკი და ტოლსტოი გიყვარსო, ამას კი არ გეუბნება, გეუბნება, რომ ოკუპანტთან თანამშრომლობ და ამას პირდაპირ თვალებში გეუბნება. აბსურდი იქამდეა მისული, რომ პრორუსებს უწოდებენ იმ ადამიანებს, რომლებიც რუსეთის წინაღმდეგ ომებში იბრძოდნენ და დაჭრილიც იყვნენ. ის ადამიანები, რომლებიც ამ დროს ჩირგვებში ისხდნენ და იცოდნენ, ამ ამბავს როგორ უნდა გარიდებოდნენ, ამბობენ, ეგ არაფერი არ არისო“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.
მაღლაფერიძის თქმით, საქართველო ყოველთვის ევროპული ცივილიზაციის ნაწილი იყო, ბევრად ადრე, ვიდრე ზოგიერთი ევროპული სახელმწიფო გაჩნდებოდა, ეს ისტორიული მოცემულობაა, იქ ვართ და არსად შესვლა არ გვჭირდება.
„ჩვენ ტრაგიკული ისტორიის ხალხი ვართ, მტერი უამრავი გვყავდა, დღესაც გვყავს და სულ გვინდა, ვიღაცები გვიყვარდეს, იმათ კი ჩვენ ვუყვარდეთ. დამოუკიდებლობას რომ ვაღწევდით და უცხოელები რომ ჩამოდიოდნენ, აბა, ხაჭაპური, ღვინო… ეს ურთიერთობა გადაგვქონდა ქვეყნებზე. გვეგონა, ის ქვეყანა გაიბუტებოდა, იმას ვახსოვდით და იმას ვავიწყდებოდით; ვამბობდით, რომ ბალტიისპირელები ჩვენი ძმები იქნებიან, რადგან ჩვენ მათ როგორ ვგულშემატკივრობდით და ასე შემდეგ. რასაკვირველია, ჩვენ ევროპაში გვინდა, მაგრამ სულ იქ ვიყავით და ვართ. ჩვენ უნდა გავიაზროთ და აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ყველა ქვეყანას თავისი ინტერესი აქვს და რბილად რომ ვთქვათ, ეს ამბები გარედან არის შეფითილებული. იმიტომ კი არა, რომ ჩვენი მტრები არიან, არა, უბრალოდ, ყველა ქვეყანას თავისი ინტერესი აქვს და ეს არის მოცემულობა. ჩვენ ყოველთვის ევროპული ცივილიზაციის ნაწილი ვიყავით, მაგრამ შიგნით უამრავი წინააღმდეგობა იყო, ომები და მთელი ამბავი. ანგარიში ძმებშია და, რა თქმა უნდა, პრობლემები იქნება. იმას მეტი უნდა, გააკეთოს, ჩვენ კი ჩვენი უნდა გვინდოდეს. აგერ, იტალიის პრემიერმა ისეთი სიტყვები უთხრა მაკრონს, რომ იტყვიან, ჩვენ გული გაგვისკდებოდა, მაგრამ არაფერი, ჩვეულებრივ არიან ურთიერთობაში. ჩვენ ამას უნდა შევეგუოთ. გვინდა ევროკავშირში, მაგრამ არც ცალ ფეხზე დავდგებით და არც ცალ ყურზე, პატივისცემით ვიქნებით, ზოგჯერ ვიჩხუბებთ და ზოგჯერ რაღაცას ვილაპარაკებთ, მაგრამ ჩვენ ამ ცივილიზაციის ნაწილი ვართ, ჩვენი კულტურით, ლიტერატურით, ფილმით, დამოკიდებულებით, სოციალური ყოფით, ოჯახით და ა.შ. დიდი პატივისცემით აზიის მიმართ, მაგრამ ჩვენ აქეთ ვართ და ესაა მოცემულობა. ვახტანგ გორგასალმა რომ დაიბარა, ამ გზას არ უღალატოთო, ეს არის ვახტანგ გორგასლის ანდერძი. ერეკლე მეფემ ყველაფერი სცადა, რათა პირდაპირ ევროპისკენ გაეჭრა გზა და პირდაპირ რომ ვერ გაჭრა, პეტერბურგით მოუარა. ის პეტერბურგიც ევროპა იყო და თუ ვინმემ არ იცის ეს და რაღაც სხვა ჰგონია, მისი პრობლემაა“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.