სამწუხაროდ, ჩვენთან საჯარო სივრციდან ბევრი მიზეზის გამო განიდევნა დისკუსია, როგორც კულტურა და ის ბულინგმა ჩაანაცვლა, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ სტუმრობისას.
„მედია დისკუსიის პლატფორმა უნდა იყოს, მაგრამ გინდ ეწყინოს ვინმეს, გინდ არა, ინტელექტის ნაკლებობის, თუ სხვა რამის გამო, უკვე დისკუსიის მნიშვნელობა იკარგება. დისკუსია ჰგონიათ, მოიყვანო ორი ან ოთხი ადამიანი და შეაჯიბრო, მკლავს ვინ გადაუწევს“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.
მისი თქმით, რეალურად, ისტორიის ანალიზი, ყველაფერი, რასაც სამეცნიერო კვლევითი ჟურნალები და ა.შ. ემსახურებოდა, დიდწილად, „ფეისბუქის“ პოსტებით გამოიხატება, რაც უკვე ამკვიდრებს თავის კულტურას და მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
„„ფეისბუქი“ ძალიან კარგი ინსტრუმენტია, ერთი წუთით არ მინდა, რამე საწინააღმდეგო ვთქვა, მაგრამ როგორც „ვიკიპედიიდან“ ვერ მიიღებ განათლებას და არის დამატებითი ინსტიტუტი, „ფეისბუქი“ მით უმეტეს და ეს უკვე ამკვიდრებს თავის კულტურას. აქტიურად არ ვმონაწილეობ, უფრო მაყურებელი ვარ, თუმცა, ბუნებრივია, გვაინტერესებს, რა როლს იკავებს „ფეისბუქი“. არ მაქვს კვლევა, საზოგადოების რა პროცენტია ამ პროცესში ჩართული, მაგრამ თუ დააკვირდებით, კვირაში ერთხელ ან ორჯერ ერთი თემა ცვლის ხოლმე მეორეს და ამან აუცილებლად ბულინგის სახე უნდა მიიღოს.
მნიშვნელობა არ აქვს, რაზე იქნება თემა, სპორტზე, ფეხბურთზე, ვიღაც სამსახურიდან წავიდა თუ მოვიდა, იცეკვა თუ რა. ვიღაცას უნდა, საზოგადოება მუდმივად სტრესის ქვეშ, წინაპანიკურ მდგომარეობაში იყოს, რომ თვითონ უკეთეს მდგომარეობაში ჩადგეს და ამაზე გვერდიდან ზემოქმედებს. სხვათა შორის, პანიკა არის ნომერ პირველი მტერი ომშიც და ნებისმიერ თემაში. ჩვენ კი, მუდმივად ვიმყოფებით პანიკურ მდგომარეობაში. ზოგჯერ ადამიანებს შემოლაწუნება უნდათ, რომ აქედან გამოიყვანო. ადამიანებს ეჩვენებათ, რომ ორ დღეში ერთხელ რაღაც ისეთი მოვლენა ხდება, რომელიც პირდაპირ მათ არსებობას ემუქრება. სინამდვილეში კი, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. ეს ვითარება მთლიანად ითრევს ადამიანებს და ვაკვირდები, როგორ იწვევს უკუპროცესს, ჯერ „ფეისბუქზე“ შეიქმნება ტალღა, შემდეგ ეს საზოგადოებაზე გადმოდის, შემდეგ საზოგადოება ერთვება „ფეისბუქზე“. ეს ისეთი აწყობილი მექანიზმია, რომ ვინმე თუ ამით არ სარგებლობს, აუცილებლად ისარგებლებს. თუმცა თანდათან უფრო მეჩვენება, რომ ვიღაც სარგებლობს და ძალიან იოლია საზოგადოების პანიკურ მდგომარეობაში ჩაყენება. ამ ვითარებაში უკვე ჩვენი ლექსიკა და დამოკიდებულება დისკუსია კი აღარ არის, არამედ ნებისმიერი სიტყვა აღიქმება, როგორც მტრული. კანონს იღებენ – ცუდია, გზას აგებენ – ცუდია, გოლი გაიტანა თუ არ გაიტანა – ცუდია და იმ წუთში იწყება პანიკა. ეს არის „ბიჭებო, ბორშჩში მატლებია“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.როგორც მაღლაფერიძემ აღნიშნა, ჩვენ ირგვლივ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესია და, ბუნებრივია, ადამიანებს უნდათ, კითხვები დასვან, მაგრამ ბულინგის გამო კითხვების დასმის ეშინიათ ან ეზარებათ.
„ვაკვირდები, რომ მეც აღარ ვსვამ ხოლმე საჯაროდ რაღაც კითხვებს, რომლებიც საინტერესოა და უნდა დაისვას. რომ დასვამ რაღაც კითხვას, ასეა თუ არა, ამა თუ იმ სვლას რომ გავაკეთებ, ხომ შეიძლება, ფიგურა ცხენით მომიკლას, ან არ მომიკლას, ან შამათი ჩამისვან, მაგრამ ეს დამთავრდება იმით, რომ მოღალატე ხარ. ამას ადამიანები ვერ უძლებენ და, უბრალოდ, აღარ სვამენ კითხვებს“, – განაცხადა მაღლაფერიძემ იდეოლოგიური და პოლიტიკური პოლარიზაციის მიზეზებზე მსჯელობისას.
ამასთან, გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა იწვევს იდეოლოგიურ და პოლიტიკურ პოლარიზაციას, ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში შექმნილია ვითარება, როცა დისკუსია ბულინგმა ჩაანაცვლა, რითაც ადამიანებს პრაქტიკულად, აზროვნებას უკრძალავენ.
„ხშირად ვუყურებთ ხოლმე, მაგალითად, სტალინის თემაზე, როგორ თავგანწირვით ებრძოდნენ და როგორი სტალინური მეთოდებით მიდიოდა სტალინის წინააღმდეგ ბრძოლა საზოგადოებაში. ესე იგი, პრაქტიკულად, შენ ადამიანებს აზროვნების უფლებას უკრძალავ. ეუბნები, ეს – არა, ის არ თქვა, ეს კითხვა არ დასვა. იმ დროს მეტი კი არაფერი იყო, კომუნიზმს გაუმარჯოსო თუ იტყოდი, აკრძალული კი არ იყო“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.
მაღლაფერიძის განცხადებით, განსხვავებული აზრის დაფიქსირების, თუ კითხვების დასმის გამო, ადამიანების დაბულინგება მიზანმიმართულად ხდება, რათა კითხვები არ დაისვას.
„აზრის თავისუფლებიდან გამომდინარე გეუბნებით, მაგალითად, საპარლამენტო სისტემაზე რომ გადავდიოდით, რამე კონკრეტული საჭიროებიდან კი არ გამოვდიოდით და ეს ისტორიულმა კანონზომიერებამ კი არ მოიტანა, კონკრეტული ახირების გამო გადავედით და აქ თავისთავად არის კითხვები, რამდენად მოგვიტანს ეს ბედნიერებას? გარედან რომ გვეუბნებიან, თანხმობას მიაღწევთო, ოთხი და ხუთი პარტია რომ გინდათ, რომლებიც ვერ თანხმდებიან, ამ პირობებში, როცა შეუთანხმებლობაა, კატასტროფული შედეგები შეიძლება, მივიღოთ და შემდეგ ნახეთ გარედან ბერკეტების დატრიალება. დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრს რასაც ვუყურებ, ძალიან ადვილად მივალთ კატასტროფამდე, ამ შეურიგებლობის პირობებში და შემდეგ დაიწყებენ, შეთანხმდიო. შეთანხმება მაშინ არის, როდესაც ერთი პრინციპები გვაქვს, თორემ როგორ უნდა შეთანხმდე ადამიანთან, რომელიც გეუბნება, რომ შენ ხარ მავნებელი და დასახვრეტი? ადამიანი გეუბნება, რომ ხალხის მტერი ხარ, არ უნდა, არსებობდე და მიდი, შეთანხმდი. თქვი, იცი რა, ცოტათი ხალხის მტერი აღარ ვიქნებიო და მორჩა, მაგრამ ასე ხომ არ გამოდის? საპარლამენტო მოდელი როგორ იმუშავებს და რატომ გადავედით, ეს ცალკე საკითხია. მითქვამს, გავა დრო და ეს საპარლამენტო მოდელი ჩვენი ტემპერამენტიდან გამომდინარე პრობლემა გაგვიხდება“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.