ვასილ მაღლაფერიძე - საია-ს წარმოდგენილი მასალა არასწორი ინფორმაციის შეგნებულად გავრცელების ძალიან იაფფასიანი მცდელობაა
საია-ს ხელმძღვანელის სულხან სალაძის მიერ დღეს წარმოდგენილი მასალა არასწორი ინფორმაციისა და არასწორი ფაქტების შეგნებულად გავრცელების ძალიან იაფფასიანი მცდელობაა, – ამის შესახებ პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ საია-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული მასალის შეფასებისას განაცხადა.
„უნდა გითხრათ, რომ ამას მე კვლევას არ დავარქმევდი. ეს მიზნად ისახავს პირველი არხის, როგორც იდეის დისკრედიტაციას. საერთოდ, მასში ეჭვებია გამოთქმული, პირველი არხი და საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა არსებობდეს თუ არა. ეს დაწყებულია ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი იყო სულხან სალაძე. ყველას შეუძლია, დაინტერესდეს, რა სიხშირით დადიოდა და როგორ იღებდა მონაწილეობას საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობაში. როცა მოდიოდა, მაშინაც ძირითადად დაკავებული იყო პოპულისტური გამონათქვამებით“, – აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ.
მისივე თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ ამ პროცესებში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კიდევ ერთი-ორი წევრია ჩართული.
„ისინი თავისი პირადი მოტივებით, რაღაც ინტერესებიდან გამომდინარე, ისე, რომ არც არიან საქმეში ჩახედული, ცდილობენ თანამშრომლების ერთმანეთთან დაპირისპირებას და ისეთი თემების შემოტანას, რომელიც ნამდვილად არ ემსახურება იმ ეთიკას, რომელსაც ისინი, სურთ თუ არა, უნდა იცავდნენ, როგორც სამეურვეო საბჭოს წევრები. ისინი დაინტერესებული უნდა იყვნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარებით და არა მასში შუღლის ჩაგდებით.
საზოგადოებრივი მაუწყებელი გამოდის იმ მრავალწლიანი პრობლემებიდან, რომელიც იყო და ამას გარკვეულწილად, უკვე ხედავს მიუკერძოებელი ადამიანი. ამიტომაც არის, რომ ისინი აღელვებულები ჩანან. უახლოეს ხანებში, ყოველდღიურად კიდევ უფრო მეტად დაინახავენ. ყოველდღიურად საზოგადოებრივი მაუწყებელი იბრუნებს იმ პოზიციებს, რომელიც სწორედ ასეთი ბატონების და კიდევ სხვათა გამოისობით წლების განმავლობაში იკარგებოდა“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) კვლევის – „რა ღირს საზოგადოებრივი მაუწყებელი?“ პრეზენტაცია დღეს გამართა.