ვასილ მაღლაფერიძე - როგორც ჩანს, კომკავშირიდან შეიძლება, ადამიანი გამოიყვანო, მაგრამ ადამიანიდან კომკავშირის გამოყვანა ძნელია
სამწუხაროა, რომ საქმე გვაქვს კომკავშირულ-კომსომოლური ტიპის ცილისწამებასთან და ადამიანების დისკრედიტაციასთან. როგორც ჩანს, კომკავშირიდან შეიძლება, ადამიანი გამოიყვანო, მაგრამ ადამიანიდან ძნელია კომკავშირის გამოყვანა, – ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის დღევანდელ განცხადებაზე.
როგორც მაღლაფერიძემ აღნიშნა, რაც დღეს ხაზარაძემ იკადრა, არის ძალიან მძიმე ლაქა თავად ხაზარაძის ცხოვრებაში.
„ყველას შეუძლია, იმ გზით აკეთოს კარიერა, როგორც საჭიროდ მიაჩნია. ამ აბსურდსა და ლონდონიდან ბომბეიმდე გვირაბის თხრაზე კომენტარს არ გავაკეთებდი, მაგრამ ძალიან მძიმე რეაქცია მაქვს იმ სრულიად უკულტურო ჟესტზე, რასაც ჰქვია პოლიტიკური კარიერის დაწყება პირველი არხის მიკროფონზე ხელის წავლებით. ყველა ძალიან კარგად უნდა დაუფიქრდეს, რას წაავლებს ხელს, რადგან ეს არის ძალიან დიდი უკულტურობა, არასწორი საქციელი მისი მხრიდან. ამ ეტაპზე, ეს იკმარონ და თუ კლოუნადა მოუნდებათ, იკლოუნონ საკუთარ ოთახებში, ოფისებში და საკუთარ გარემოცვაში. მამუკა ხაზარაძის კომპიუტერი რომ გატეხა პირველმა არხმა, შიგნიდან ინფორმაცია გამოიტანა, რომელსაც მისივე მეგობრები სრულიად ღიად და სრულიად საჯაროდ ყვებიან სუფრაზე თუ ოჯახებში, ეს და ამით თავის მოწონება იმდენად აბსურდია, თუ ამაში მხარდამჭერი და ტაშისდამკვრელი ეყოლება, ეს ტაშიც მშვიდობაში მოიხმაროს. ვურჩევდი, მას ვიცნობ და ისიც მიცნობს, მსგავსი აბსურდებისგან თავი შეიკავოს. მე ვუსურვებ, გამოასწოროს და ქვეყნის საკეთილდღეოდ იმოღვაწეოს ამჯერად პოლიტიკურ სფეროში. ვიმეორებ, რაც დღეს მან იკადრა, არის ძალიან სამარცხვინო ლაქა მის ცხოვრებაში“, – აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ.
ამავე თემაზე სიუჟეტი შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე.