ვასილ მაღლაფერიძე - ქართველ გულშემატკივრებს ვულოცავთ, 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი პირველი არხით გადაიცემა
ყველა ქართველ გულშემატკივარს ვულოცავთ დღეს გადაწყდა, რომ კონტრაქტი გაფორმდა და 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი პირველი არხით გადაიცემა – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ სამეურვეო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ვასილ მაღლაფერიძის შეფასებით, სამეურვეო საბჭომ ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება დაადასტურა.
„ყველა ქართველ გულშემატკივარს ვულოცავთ. არ მეგულება საქართველოს მოქალაქე, რომელიც რაგბის არ გულშემატკივრობს. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენთვის რაგბი ეროვნული სპორტის სახეობაა. დღეს გადაწყდა, რომ კონტრაქტი გაფორმდა და 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი პირველი არხით გადაიცემა. რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი იაპონიაში იმართება და მე ვფიქრობ, რომ ეს დიდი დღესასწაული იქნება, მით უმეტეს, როგორც ყოველთვის, ქართველი მორაგბეები გაგვახარებენ. ვფიქრობ, რომ სამეურვეო საბჭომ ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება დაადასტურა. ამ კონტრაქტის წარმატებით დასრულებისთვის ბევრი ვიმუშავეთ და დღეს ჩვენს გადაწყვეტილებას ბეჭედი დაესვა“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
კონტრაქტს „საზოგადოებრივ მაუწყებელსა“ და კომპანია RUGBY WORLD CUP LIMITED-ს შორის ხელი უახლოეს მომავალში მოეწერება. პირველი არხის მენეჯმენტს მიღწეული ჰქონდა შეთანხმება მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ტრანსლირების შესახებ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება, პირველი არხი შეისყიდდა თუ არა ტრანსლირების უფლებას, სამეურვეო საბჭოს უნდა მიეღო.
რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 2019 წლის 20 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდე იაპონიაში გაიმართება.