ვასილ მაღლაფერიძე - ქართული მედია ინდუსტრიის მხარდაჭერისა და ინვესტირების კარგი მაგალითია გარეწარმოების წილის ზრდა, 2021 წელს გარეწარმოების პროდუქტზე მაუწყებელმა 8 მლნ. ლარის ინვესტიცია განახორციელა
საზოგადოებრივი მაუწყებლის არაერთი ტელეპროგრამა თავისი კონცეფციის ფარგლებში უშუალოდ მონაწილეობს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურად მომგებიან საქმიანობაში, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძემ პარლამენტში მაუწყებლის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
როგორც ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნა, დღეს წარდგენილი წლის ანგარიში პირველად ასახავს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეკონომიკურ ეფექტს.
„ქართული მედია ინდუსტრიის მხარდაჭერისა და ინვესტირების კარგი მაგალითია გარეწარმოების წილის ზრდა, რომელიც ჯერ კიდევ 2018 წელს საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად გახდა შესაძლებელი. საანგარიშო პერიოდში დამოუკიდებელი სტუდიების ხელშესაწყობად 2021 წელს გარეწარმოების პროდუქტზე მაუწყებელმა 8 მლნ. ლარის ინვესტიცია განახორციელა, რაც საერთო ბიუჯეტის 13,5%-ს შეადგენდა. პროგრამული პრიორიტეტებით გათვალისწინებული იყო გარე წარმოების პროდუქტებით საეთერო ბადის არანაკლებ 25%-ის შევსება. 2021 წლის მონაცემებით, გარე წარმოების პროდუქციამ საეთერო ბადის 30% დაიკავა. მაუწყებელი მომსახურებას იღებდა 11 დამოუკიდებელი სტუდიისგან.
მედია ინდუსტრიის და მასთან მომიჯნავე სფეროების განვითარების ხელშეწყობის მაგალითია 2021 წელს Walt Disney-ს ანიმაციური ფილმების გახმოვანებისა და სიმღერების ქართულენოვანი ვერსიების შესაქმნელად გამოცხადებული კონკურსი“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
მისივე თქმით, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის კარგი მაგალითია ქართული მულტიპლიკაციის განვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯები.
„ხაზგასასმელია გარე სტუდიასთან თანამშრომლობით შექმნილი, ტექნოლოგიურად მაღალი ხარისხის საბავშვო ანიმაციური სერიალი „მაშველები“, რომელიც შემეცნების თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი პროდუქტია და ანალოგი არ აქვს ქართულ ტელესივრცეში. პირდაპირი ეკონომიკური ეფექტის გარდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობა დაკავშირებულია ირიბ ეკონომიკურ სარგებელთანაც. საზოგადოებრივი მაუწყებლის არაერთი ტელეპროგრამა თავისი კონცეფციის ფარგლებში უშუალოდ მონაწილეობს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურად მომგებიან საქმიანობაში. მაგალითისთვის: „შარკ თენქ“ საქართველო“ – საერთაშორისო მეგა პროექტის ქართული ანალოგი, ბიზნეს რეალითი შოუ, ერთგვარ პლატფორმას წარმოადგენს ახალი ბიზნეს იდეების, განსაკუთრებით დამწყები სტარტაპების დაფინანსებისთვის. პირველი სატელევიზიო სეზონის განმავლობაში პროექტის ფარგლებში 3 მილიონის ინვესტიცია განხორციელდა და დაფინანსდა 26 სტარტაპი.
„წიგნების თარო“ – ახალგაზრდული პროექტი, განათლების და წიგნიერების პოპულარიზაციას უწყობს ხელს. ყოველწლიურად წიგნების თაროს საშუალებით გამარჯვებული გუნდის წევრები მიემგზავრებიან კემბრიჯში საზაფხულო კურსებზე. 2021 წელს კემბრიჯში გაემგზავრა 13 მოსწავლე“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.