ვასილ მაღლაფერიძე - პირველი არხის თანაშრომლების ხელფასებთან დაკავშირებით ყველა კითხვას პასუხი გაეცა, საკითხი ამოწურულია
ვასილ მაღლაფერიძე - პირველი არხის თანაშრომლების ხელფასებთან დაკავშირებით ყველა კითხვას პასუხი გაეცა, საკითხი ამოწურულია

ეჭვები, რომლებსაც გარკვეულ საკითხებთან, მათ შორის სახელფასო პოლიტიკასთან დაკავშირებით სამეურვეო საბჭოს ზოგიერთი წევრი გამოთქვამდა, აბსოლუტურად უსაფუძვლოა , – ამის შესახებ პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ყველა ამ ეჭვთან დაკავშირებით სპეკულაციები უნდა დასრულდეს.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ამ პროპაგანდისტულ კამპანიაში აქტიურად ერთვებიან ჩვენი კოლეგები. არ მინდა ვიფიქრო, რომ ამას აქვს რამე არაჯანსაღი საფუძველი, თუმცა, ასეთი ეჭვები არსებობს. ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია და საკითხი ამოწურულია. ჩვენ არასდროს ეჭვის ქვეშ არ დაგვიყენებია, რომ მათ აქვთ უფლება, ეს იცოდნენ, მაგრამ ეს უნდა გამოიყენებოდეს კონკრეტული მიზნებისთვის და არა გასაჯაროებისთვის“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

პირველი არხის გენერალური დირექტორის თქმით, აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები შედგა იურისტებთან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან.

„აქ არ არის მარტო ხელფასებზე საუბარი, ეს არის პერსონალური ინფორმაცია. ამას მე კი არ განვაგებ, კანონი განაგებს და ეს კანონი უნდა იყოს დაცული. ამიტომ, ვიღაც რომ „ფეისბუქში“ დაწერს რაღაცას ან რომელიმე გადაცემაში გამოთქვამს არაკვალიფიციურ აზრს, არ შეიძლება ამით ვიცხოვროთ. ჩვენ უნდა ვიცხოვროთ კანონით. ადამიანის უფლებებს ეხება საქმე. კატეგორიულად ვამბობ, ამ თვალსაზრისით არავითარი დარღვევა არა გვაქვს და ამაში კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ სამეურვეო საბჭოს წევრები. თემა ამოწურულია”, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.