ვასილ მაღლაფერიძე - პირველი არხის ჟურნალისტების საქმიანობაში ვერავინ ჩაერევა, არჩევნებს საკუთარი პროფესიული ეთიკისა და სინდისის კარნახით გააშუქებენ
პირველი არხის ჟურნალისტები დამოუკიდებლები არიან, მათ საქმიანობაში ვერავინ ჩაერევა და არჩევნებს ისე გააშუქებენ, როგორც თავად ხედავენ, საკუთარი პროფესიული ეთიკისა და სინდისის კარნახით, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.
„ისინი არ მოექცევიან ვინმეს გავლენის ქვეშ. ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით წინა არჩევნებზეც არანაირი პრობლემა არ გვქონდა, მაგრამ ახლა ეს ძალიან მაღალი სტანდარტით გაივლის“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
მისი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ამისთვის ემზადება და არჩევნების პროცესს ღირსეულად გაივლის.
„ჩვენ ძალიან ვემზადებით ამისთვის და ამ პროცესს საზოგადოებრივი მაუწყებელი ღირსეულად გაივლის. ამით ყველა დაინტერესებული ვართ, რათა რომელიმე ერთ სფეროს საშუალება არ მივცემთ, დააზიანოს ჩვენი ყველა პროდუქტი, რაც იქმნება. თუ რაღაც შეცდომა იქნება, არ მოგვერიდება და ვიტყვით, მაგრამ სტრატეგიულად, ეს არხი სწორად მიდის და ასე სვლას გააგრძელებს. ეს სრულიად შეუქცევადია. იმიტომ, რომ ასეთია მთელი კოლექტივის ნება და საზოგადოების დაკვეთა, რასაც ჩვენ უნდა ვუპასუხოთ“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
როგორც საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, არჩევნები გაშუქდება როგორც „მოამბეში“, ასევე იქნება ორი სპეციალური გადაცემა.
„იქნება ორი სპეციალური გადაცემა, რომლითაც დარწმუნებული ვარ, პარტიები ისარგებლებენ და დებატებში მიიღებენ მონაწილეობას. ვფიქრობ, ეს კულტურა კიდევ უფრო ჩამოყალიბდება“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.