ვასილ მაღლაფერიძე - „პირველი არხი ტელესკოლამ“ პანდემიის პერიოდში მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი განათლების სისტემის ფუნქციონირებას, ტელეგაკვეთილების გარდა, შეიქმნა დამხმარე სასწავლო რესურსები
განსაკუთრებით ხაზგასასმელია პლატფორმა „პირველი არხი ტელესკოლა“, რომელმაც პანდემიის პერიოდში მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი განათლების სისტემის ფუნქციონირებას, ჰიბრიდული სწავლების ფონზე 2021 სასწავლო წელს „ტელესკოლაში“ ტელეგაკვეთილების გარდა შეიქმნა დამხმარე სასწავლო რესურსები, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ პარლამენტში განაცხადა.
მაღლაფერიძის თქმით, 2021 წლის საანგარიშო პერიოდში ტელესკოლის განვითარების სტრატეგია რამდენიმე ძირითად პრინციპს დაეფუძნა.
„პირველი არხი, როგორც უსაფრთხო მედია, საბავშვო მუსიკალური პროექტების გარდა, საზოგადოებას სთავაზობს საბავშვო აუდიტორიისთვის განკუთვნილ გადაცემებს, რომლის მიზანია, გააძლიეროს მათი შემოქმედებითი თუ ინტელექტუალური უნარები, გააღვიძოს მათში სწავლის, ცოდნის მიღების ინტერესი. განსაკუთრებით ხაზგასასმელია პლატფორმა „პირველი არხი ტელესკოლა“, რომელმაც პანდემიის პერიოდში მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი განათლების სისტემის ფუნქციონირებას. 2021 წლის საანგარიშო პერიოდში ტელესკოლის განვითარების სტრატეგია რამდენიმე ძირითად პრინციპს დაეფუძნა: 1. განათლების პოპულარიზაცია და მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსების მიწოდება საზოგადოებისათვის; 2. მასწავლებლებისა და მშობლებისათვის ბავშვების პრობლემებზე ორიენტირებული სადისკუსიო სივრცეების შექმნა; 3. შემეცნებით-საგანმანათლებლო და შემეცნებით-გასართობი პროექტების მომზადება სხვადასხვა ასაკობრივი სამიზნე აუდიტორიის ინტერესების გათვალისწინებით; 4. ეთნიკური უმცირესობებისათვის და სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის ადაპტირებული პროგრამების წარმოება.
ჰიბრიდული სწავლების ფონზე 2021 სასწავლო წელს „ტელესკოლაში“ ტელეგაკვეთილების გარდა შეიქმნა დამხმარე სასწავლო რესურსები. 2021 წლის საანგარიშო პერიოდში ტელესკოლაში ბავშვებისა და მოზარდებისთვის მომზადდა: სასწავლო პროექტების 780 ეპიზოდი; შემეცნებითი პროექტების 180 ეპიზოდი; შემეცნებითი ფორმატის მოკლემეტრაჟიანი ვიდეოები- 800 ეპიზოდი; გასართობი პროექტების – 45 ეპიზოდი; ბავშვებისა და მოზარდებისთვის ტელესკოლაში მზადდება შემეცნებითი და პოპულარულ სამეცნიერო დოკუმენტური ფილმები.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და „იუნისეფის“ მხარდაჭერით განხორციელებული კვლევის შედეგებში ვკითხულობთ, რომ პანდემიის პირველ ტალღაზე ტელესკოლას უსმენდა/უყურებდა: ქალაქის მაცხოვრებლებიდან გამოკითხულთა 55 პროცენტი; სოფლის მაცხოვრებლების 60,7 პროცენტი. კომპანია „სონარის“ კვლევის მიხედვით, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების ტელემაყურებელთა კვლევის შედეგებით, ქართული ენის გაკვეთილებს ტელესკოლაში უყურებდა: ქვემო ქართლში მაყურებლის 61 პროცენტი; სამცხე-ჯავახეთში მაყურებლის 59 პროცენტი“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.