ვასილ მაღლაფერიძე - პარლამენტში გამოიკვეთა თანამშრომლობის კარგი ფორმატი, დარწმუნებული ვარ, ასეთი მიდგომებით, მაუწყებელი, რომელიც უკვე მნიშვნელოვან სიტყვას ამბობს, მალე მედიაბაზარზე ლიდერი გახდება
საზოგადოებრივი მაუწყებლის 2021 წლის ანგარიშის განხილვა პარლამენტში გრძელდება. ამჯერად მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვისა და განათლების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე წარადგინა.
ვასილ მაღლაფერიძემ დეტალურად ისაუბრა იმ გადაცემებზე, რომლებიც საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაიცემა. მათ შორის „ტელესკოლაზე“, რომელიც პანდემიის დროს შეიქმნა და დამოუკიდებელ არხად ყალიბდება. მისი თქმით, სატელევიზიო და რადიოგადაცემების 70%-ს ორიგინალური ქართული პროდუქცია იკავებს, საზოგადოებრივი მაუწყებელი მხატვრული და დოკუმენტური კინოს წარმოებაში კი, დიდ ინვესტიციას დებს და უკვე 30-მდე ფილმი აწარმოა.
ამასთან, ვასილ მაღლაფერიძემ კომიტეტის წევრებს ის შეფასებები გააცნო, რომელიც საარჩევნო 2021 წელს, საზოგადოებრივი მაუწყებლის მისამართით გაკეთდა. მათ შორისაა ეუთო-ოდირის შეფასება, რომლის თანახმადაც, საზოგადოებრივი მაუწყებელი მიუკერძოებლად და ობიექტურად აშუქებდა მოვლენებს და მეტ შესაძლებლობას აძლევდა პოლიტიკურ პარტიებს, ვიდრე სხვა არხები.
„ძალიან საქმიანი განხილვა იყო. საზოგადოებრივი მაუწყებელი პარლამენტის ყურადღების ქვეშ მუშაობს და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულია. იყო ძალიან საქმიანი, დასაფიქრებელი წინადადებები, იყო შენიშვნებიც და აღინიშნა ის მიღწევებიც, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს. მიღწევებზე საუბარი ყოველთვის კარგია, მაგრამ ვფიქრობ, გამოიკვეთა კარგი თანამშრომლობის ფორმატი და ითქვა კიდეც, რომ ამ მუშაობას გავაგრძელებთ. ეს არის განათლებისა და შემეცნების მიმართულება, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს კიდევ უფრო და როგორ უნდა აისახოს ეს სერიალებში, ტელესპექტაკლში.
რაც კარგია და აღსანიშნავია, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, დაპირისპირებულ და პოლარიზებულ გარემოში, საზოგადოებრივ მაუწყებელს ყველა მიუდგა ისე, როგორც უნდა მიუდგეს. მაუწყებელი საერთო სახალხო საკუთრებაა და მე ამისთვის, როგორც ერთმა მოქალაქემ, ძალიან დიდი მადლობა მინდა ვთქვა. ძალიან ფასეული იყო თითოეული შენიშვნა და თითოეული წინადადება. ეს იყო გულითადად და გულშემატკივრული პოზიციიდან ნათქვამი ყველა ფრაზა. დარწმუნებული ვარ, ასეთი მიდგომებით სულ მალე საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც უკვე ფეხზე დგას და ძალიან მნიშვნელოვან სიტყვას ამბობს, სულ მალე მედიაბაზარზე ლიდერი გახდება“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.
მისი თქმით, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს საზოგადოებრივი მაუწყებელი დიდ დროს უთმობს.
„ადამიანის უფლებების დარგში კონკრეტულადაც კი ვთქვი, რამდენი გადაცემა კეთდება რომელი მიმართულებით. აქ სრული მონიტორინგი ხორციელდება. ეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
ამასთან, როგორც ვასილ მაღლაფერიძემ პარლამენტში აღნიშნა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებპლატფორმა, რომელიც შვიდ ენაზე მუშაობს, ბაზარზე ლიდერია. ამასთან, აქცენტი გააკეთა არქივის მნიშვნელობასა და მდგომარეობაზე. ტექნიკურ გადაიარაღებაზე. მისივე თქმით, 2023 წლის გაზაფხულიდან არხი ახალ შენობაში გადასვლას დაიწყებს, რაც არა მხოლოდ ტელევიზიისთვის, არამედ კინოინდუსტრიისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება.
რამდენიმე დღეში კი, ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, კოსტავას 68-ში მდებარე შენობაზე მორიგი აუქციონი გამოცხადდება, რომლის ღირებულება 65 მილიონი ლარი იქნება.
ანგარიშის მოსმენის შემდეგ, კომიტეტის წევრებმა კითხვები დასვეს და აღნიშნეს, რომ მაუწყებელი მრავალფეროვანი გადაცემებითა და დაბალანსებული საინფორმაციო პროგრამებით გამოირჩევა.