ვასილ მაღლაფერიძე - ორი წლის შემდეგ საქართველოს ექნება მოდერნიზებული, თანამედროვე შენობაში თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ტელევიზია
ორი წლის შემდეგ საქართველოს ექნება მოდერნიზებული, თანამედროვე შენობაში თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ტელევიზია, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„ცხადია, ევროპაში ლიდერი არ იქნება, მაგრამ იქნება იმ ტიპის ტელევიზია, რაც საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას შეეფერება და ბევრად უკეთესი“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
როგორც არხის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, დღეს ტელევიზიის შენობა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს.
„ეს არის საცერი, რომელსაც წყალი გასდის და წყალს ვერ მიიტან. ეს არის წარმოუდგენელი რამ და ბევრ შემთხვევაში ტექნიკური სამსახურის გმირობის ფასად ხდება ის, რომ ჩვენ ეთერში გავდივართ. ამ ტერიტორიის მოვლაზე რომ ფული დახარჯულიყო, აი, ეს არის რესურსების არასწორად ხარჯვა. არადა, ქალაქის ცენტრში ვუყურებთ და გული მოგიკვდება, რომ შენობა თანდათან კარგავს იერსახეს, ინგრევა, კიბე დაიბრიცა და ასე შემდეგ. ჩვენ რომ ახლა ამის მოგვარება ჩვენი თანხებით დავიწყოთ, ეს წარმოუდგენელია“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.
მისივე თქმით, საქართველოს პირველი არხის ახალი შენობის მშენებლობის ტენდერი 45 მილიონით იწყება, სამშენებლო ორგანიზაციებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
„ჩვენ კრედიტი გვაქვს აღებული, პროცესი მთელი ტემპით არის წასული, ვემზადებით და ახლა, რაღაც შეხედულებებიდან გამომდინარე, რატომღაც, უნდა გვეთქვა, ტენდერს არ ვაცხადებთო? გარდა იმისა, რომ ორგანიზაცია ძალიან ბევრ ზარალს მიიღებდა, იქ გარკვეული ვალდებულებები გვაქვს, მათ შორის, ფინანსური და მეორე, ჩვენ აქ საკუთარ სახსრებს ვხარჯავთ, რომელიც სახელმწიფომ გამოყო და ეს გადაწყვეტილია. ეს კრედიტით არის. პირიქით, ეს არის ახალი სამუშაო ადგილები. ეს არ არის ორი-სამი თეთრი და ვფიქრობ, საქართველოსთვის მაგარია. თანხას ვაბრუნებთ ეკონომიკაში. პირველ ეტაპზე ტენდერი 45 მილიონით იწყება და სამშენებლო ორგანიზაციებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აი, ამიტომ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რაც მივიღეთ. აბა, რომ გავჩერებულიყავით, ამაში რა სიკეთე იქნებოდა?! ვფიქრობ, არაფერი. ჩვენ ახლა კი არ დავუმიზნეთ ამას, რაც დრომ მოიტანა, არ გადავავადეთ“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
საქართველოს პირველმა არხმა ახალი შენობის მშენებლობის ტენდერი დღეს გამოაცხადა.