ვასილ მაღლაფერიძე - მუდმივად ჩვენი დადანაშაულება არ არის სწორი, გასაგებია, რომ გეოპოლიტიკური მიზეზების გამო ვერ გვიღებენ
საქართველო ევროპული ცივილიზაციის ნაწილია, პირდაპირი გაგებით და, სხვათა შორის, ტელევიზიების ნაკლია ის, რომ ამის სათანადოდ წარმოჩენა არ ხდება, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას განაცხადა.
„საქართველო ქრისტიანული ცივილიზაციის ნაწილია, ეს არის ისტორიული ფაქტი და ვინმეს ძალიანაც რომ უნდოდეს, ამას ვერსად გაექცევა. ქრისტიანული ცივილიზაციის ნაწილი რომ ვართ, ამით არის განპირობებული დასავლური ცივილიზაციის წევრობა. ქრისტიანობა არის ქართული იდენტობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მდგენელი და სწორედ ამით იყო გამოწვეული ლტოლვა ქრისტიანულ-დასავლურ-ევროპული სამყაროსკენ. ჯერ კიდევ მე-5 საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა დაიბარა, ბერძენთა გზა არ დატოვოთო, ანუ ეს ცივილიზაცია არ დატოვოთო. მაშინ ეს იყო დასავლური ცივილიზაცია. ძალიან დიდი ცივილიზაციაა აღმოსავლური ცივილიზაციაც. სამწუხაროდ, ზოგს ჰგონია, რომ აქეთ სიბნელეა. უდიდესი ცივილიზაციაა აღმოსავლური ცივილიზაცია და მთელი მსოფლიო განიცდის მისი გავლენას. არისტოტელე და სხვა ფილოსოფოსები საიდან წაიკითხეს ევროპაში? სწორედ არაბულიდან ნათარგმანებიდან. იქით ჩინური, ინდური ცივილიზაცია, უზარმაზარი რამეა ეს, მაგრამ ჩვენ მოგვიწია ასე, რომ დასავლური არის ჩვენთვის ორგანული ცივილიზაცია და ჩვენთვის ბუნებრივი გარემო. მაგრამ გეოგრაფია გვიშლიდა ხელს ინტეგრაციაში და დღესაც გვიშლის. ჩვენი მუსლიმი მეფეებიც კი დასავლეთისკენ ცდილობდნენ წასვლას, რადგან ეს ბუნებრივი ნავთსაყუდელი იყო საქართველოსთვის“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
მისი თქმით, დღეს თითქოს იმაზე მიდის დავა, რომ ვიღაცამ ახლახან აღმოაჩინა დასავლეთი და უნდა დასავლეთისკენ სვლა, ვიღაცას კი – არა, რაც აბსურდია.
„ანუ, დასავლეთი დღეს ვინმეს აღმოჩენა კი არ არის და ამისთვის ერთმანეთი კი არ უნდა დავხოცოთ! არავინ ამბობს, დასავლეთი არ გვინდაო და ამას ვერც ვერავინ იტყვის. მეტსაც გეტყვით, ეს ქვეყანა, ეს ეთნოსი და ქართული ფენომენი უფრო ადრე ჩამოყალიბდა, ვიდრე ევროპაში ბევრი სახელმწიფო გაჩნდებოდა, მანამდე ვიყავით ქრისტიანული ცივილიზაციის ნაწილი. ამიტომ ეს არ არის სადავო საკითხი, მაგრამ მაინც ამაზე მიდის დავა და მზად ვართ, ცეცხლოვანი კოქტეილები ვესროლოთ ერთმანეთს. ეს არის თავს მოხვეული ამბავი. როდესაც გადაწყვეტილი ამბავია, რომ მე და შენ უნდა ვიჩხუბოთ, საბაბი მოინახება – მთავარია ჩხუბი“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
ამასთან, ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნა, რომ ქართველებს გადაწყვეტილი გვაქვს, რომ საქართველო დასავლური ცივილიზაციის ნაწილია და სხვაგან ვერ იქნება, მაგრამ ევროკავშირის წევრობისთვის ხელშემშლელი სხვა ფაქტორები არსებობს.
„იქიდან ზღვა არის, აქედან – მთა, იქიდან სხვა ამბავია, დავხედოთ რუკას – სადაც ვართ, მარტო ჩვენ არ ვართ ამ მდგომარეობაში და იმ ცივილიზაციასთან გვიჭირს ურთიერთობა. მაკრონმაც რომ თქვა და გადავირიეთ, რეალობა თქვა. ვერასდროს ვერ მივუდექით, ხან სულხან-საბამ სცადა, ხან სხვამ და ახლაც გვაქვს შანსი და ვცდილობთ. ჩვენ მზად ვართ კანდიდატის სტატუსისთვის კი არა, წევრობისთვისაც და მუდმივად ჩვენი დადანაშაულება არ არის სწორი, გასაგებია, რომ გეოპოლიტიკური მიზეზების გამო ვერ გვიღებენ, ტაბუდადებულივით რომ გვაქვს ეს ამბავი. მე, მაგალითად, სულ მაქვს ეს კითხვა: როგორ მოხდება მიღება?! თურქეთზე ადრე მიგვიღებენ ევროკავშირში? ის ქალბატონი რომ ჩამოვიდა, ევროპარლამენტის წევრი, მხარი რომ დაუჭირა „კოქტეილის“ სროლას და ადამიანებს საფრთხის შეგრძნება გაუღვივა, ამის ნაცვლად რეალურ კითხვებზე უნდა გაეცა პასუხი“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.