ვასილ მაღლაფერიძე - მრავალფეროვნება ჩვენი სიმდიდრეა და ამის წარმოჩენა პირველი არხის საპატიო მოვალეობაა
ჩვენი ქვეყანა უფრო კარგად უნდა ვიცოდეთ, უნდა მივიდეთ თითოეულ მოქალაქესთან, სწორედ ეს არის პირველი არხის მოვალეობა, – ამის შესახებ პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ სახარების რწმენის ეკლესიაში განაცხადა.
„მინდა მივულოცო ეს დღე მთელ მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში ყველას, განსაკუთრებით მათ, ვისთვისაც დღესასწაულია. საერთოდ, ერთმანეთს უნდა გავუზიაროთ დღესასწაულები, გავიზიაროთ ერთმანეთის ჭირი და ერთმანეთის თანადგომით უფრო ძლიერები ვიქნებით. ეს მრავალფეროვნება არის ჩვენი ძალიან დიდი სიმდიდრე და ვფიქრობ, ამ მრავალფეროვნების წარმოჩენა პირველი არხის ერთ-ერთი საპატიო მოვალეობაა“, – აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ.
მისივე თქმით, ეს ტრადიცია კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს და საინტერესო იდეებით შეიმოსოს.
„ჩვენი ქვეყანა უფრო კარგად უნდა ვიცოდეთ, უნდა მივიდეთ თითოეულ მოქალაქესთან – სწორედ ეს არის პირველი არხის ერთ-ერთი მოვალეობა, წინ წამოვწიოთ ყველაფერი, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის და ის, რაც გვაერთიანებს, რაც გვქმნის ერთიან ორგანიზმად, ერთიან ქვეყნად და ერთიანი მიზნების მქონე ადამიანებად“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.