ვასილ მაღლაფერიძე - მკვიდრი მოსახლეობის ერთმა ნაწილმა ცუდად ან არ იცის ქართული ენა, ტელევიზიას აქვს ამ მიმართულებით რესურსი, რასაც ბოლომდე გამოვიყენებთ
ჩვენი სახელმწიფოს წინაშე ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა, რომ მკვიდრი მოსახლეობის ერთმა ნაწილმა ცუდად ან არ იცის ქართული ენა, ტელევიზიას აქვს ამ მიმართულებით რესურსი, რასაც ბოლომდე გამოვიყენებთ, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა.
როგორც ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნა, ძალიან სერიოზული და ეფექტიანი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ ეთნიკური უმცირესობების ახალგაზრდებმა ისწავლონ ქართული ენა.
„ამ მიმართულებით, საქართველოს პირველ არხს საკმაოდ დიდი გეგმა აქვს. ჩვენ ამის მორალური და ეროვნული ვალდებულებაც გვაქვს. ერთ-ერთი ასეთი დიდი პროექტია „ჩვენი ქართული ენა“, რომელშიც ახალგაზრდები იქნებიან ჩართული, თუმცა ეს მიმართულება სამომავლოდ კიდევ უფრო ფართო მასშტაბს მიიღებს.
ვაპირებთ, ვთანამშრომლობთ განათლების სამინისტროსთან. ყველა გამოცდილება უნდა გამოვიყენოთ და ეს საკითხი დავძრათ, რომ უახლოეს ხანში მივიღოთ ძალიან ხელშესახები ეფექტი.
ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვან რესურს კარგავს იმით, რომ ჩვენს მოქალაქეებს არ აქვთ სრულფასოვნად ჩართვის საშუალება ენის ბარიერის გამო. ეს უნდა გადავჭრათ მაქსიმალურად სწრაფად. ვფიქრობ, რომ ტელევიზიას აქვს ამ მიმართულებით რესურსი, რასაც ბოლომდე გამოვიყენებთ“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
საქართველოს პირველი არხის პროექტი – „ჩვენი ქართული ენა“ ქართული ენის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში არაერთი აქტივობაა დაგეგმილი. პროექტის ერთ-ერთი ნაწილია საქართველოს რეგიონებში არაქართულენოვანი სკოლებისთვის ქართული ენის ონლაინოლიმპიადა. წელს პროექტი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.
ონლაინოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლიათ არაქართულენოვანი სკოლების მეშვიდე კლასის მოსწავლეებს. პროექტის თითოეულ მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი, ხოლო სამი გამარჯვებული დაჯილდოვდება პრიზებით. დაჯილდოვდებიან გამარჯვებული მოსწავლეების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებიც.
პროექტის ფეისბუქგვერდზე პერიოდულად ვიქტორინები გაიმართება, კითხვაზე სწორად გაცემული პასუხის შემთხვევაში, არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეები წამახალისებელ საჩუქრებს მიღებენ.