ევროპის მაუწყებელთა კავშირი, რომლის წევრიც საზოგადოებრივი მაუწყებელია, ამბობს, დაფინანსების ეს სქემა დაანგრევს საზოგადოებრივ მაუწყებელს, აქეთ, ჩვენი რამდენიმე პატივცემული პარლამენტარი ამბობს, პირიქით, მეტი დამოუკიდებლობააო, და სიმართლე გითხრათ, გონებაც, გულიც და გამოცდილებაც მეუბნება, რომ ეს ერთი მხარე კატეგორიულად ცდება და მეორე მხარე არის კატეგორიულად მართალი, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში “გადაწყვეტილება“ განაცხადა.
„აი, ამიტომ მგონია სამსჯელო ეს საკითხი“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.
მისი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროპაში შეიქმნა და შეიქმნა ისე, რომ ის ყოფილიყო მთავრობისგან დამოუკიდებელი.
„შეიძლება, საზოგადოებრივ მაუწყებელს თავისი შეცდომები ჰქონოდა, მაგრამ ეს ნაკლები უბედურებაა. დაფინანსების მოდელი შეიქმნა ისე, რომ მაუწყებელი არ ყოფილიყო სამთავრობო. ეს სამთავრობო, გინდა თუ არა, კატასტროფა კი არ იქნება, თუ კარგი ადამიანი იქნება, სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებენ, მაგრამ ეს ხომ სხვა მოდელია? ისტორია კარგად ვიცით და, შეიძლება, იყოს ავტორიტარული მმართველი, იყოს კეთილგონიერი და ერთდროულად ათ პარლამენტს აჯობოს რაღაც გარკვეულ ეტაპზე, მაგრამ მთლიანობაში ხომ გრძელ დისტანციაზე დემოკრატია უფრო ამართლებს?! აქაც ამაზეა საუბარი, თორემ შეიძლება, დირექტორმა სამეურვეო საბჭოზე გაცილებით კარგად, სწორად და ეფექტურად შეათანხმოს და თანხაც გამოყოს. რა ჯობია, თანხასაც გამოყოფს, ფილმებსაც შეითანხმებს და ზედმეტი ბიუროკრატიაც არ იქნება, მაგრამ ეს გრძელ დისტანციაზე არ ამართლებს და ამიტომ შეიქმნა ეს სქემა. ევროპაში თქვეს, მაინც ასე ჯობიაო“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.
როგორც ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნა, „დაფინანსების ახალი წესით, რომელიც შემოდის, დეპუტატები ამბობენ, რომ ეკონომია გაიწევა, მაგრამ სინამდვილეში ასე მარტივად არ არის საქმე“.
„დირექტორი თუ დაუსაბუთებს, მთავრობას ეძლევა სრული თავისუფლება, შეამციროს კი არა, განუსაზღვრელად გაუზარდოს დაფინანსება ისე, რომ შეიძლება, ეს გახდეს ძალიან დიდი და ბევრის მშთანთქავი ტელევიზია“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
მისივე თქმით, ამ ვითარებაში ყველაზე საშიში ის არის, რომ პასუხის გაცემის სურვილი არ არსებობს.
„დაფინანსების მოცულობაზე შევთანხმდებით, ერთი ქვეყანა ვართ. აქ სიხარბეზე არ არის საუბარი, ხომ?! თუ გვეუბნებით, რომ დამოუკიდებლობისთვის არის, ჩვენ მეტი რა გვინდა, თუ დამოუკიდებელი ვართ, მაგრამ, აი, პირადად მე რა მაფრთხობს – ის, რომ სურვილი არ არის პასუხის გაცემის და კანონი მიიღება ამ ფონზე. ყოფილი პარლამენტარი ხომ ვარ და, ჩემო მეგობრებო თუ ყოფილო კოლეგებო, როცა ამ ფონზე მიიღება გადაწყვეტილება, როცა ერთი ამბობს, მე თქვენი არაფერი არ მომწონსო, დანარჩენები კი ამას ხმაურიანი დუმილით ეთანხმებიან, ის დუმილი, რომელიც ამას ეთანხმებოდა, ხმაურზე უარესი იყო. ჩვენ ამას მივიღებთ, რადგან არ მოგვწონხართ და განაჩენი გამოტანილია, ეს იყო ძალიან მძიმე. თან მეუბნებიან, დამოუკიდებელი იქნებიო. როგორ ვიქნები დამოუკიდებელი, როცა აქვე სასჯელად შემოგაქვს უკვე ეს საკითხი? ამ ტონით შემოტანილი კარაქიანი პურისაც შეგეშინდება, შაქარიც რომ მოგიყარონ ზედ. თან, რა, ვინმე მოპასუხე იყო? არავინ არ იყო მოპასუხე, დარბაზში თვითონ ისხდნენ და ამბობდნენ, რეიტინგი არ ვარგა, კონტენტი არ ვარგა, ჰკა მაგასო. იმიტომ კი არა, რომ ამ შეფასებებით ვინმეს გული მოუკვდა ან არ მოუკვდა. არიან ისეთი ადამიანები, რომლებმაც დადებითად თუ შეგაფასა, მტერს, გულიც გაგისკდება. ამ კონტენტის თუ რეიტინგების შეფასებაში არ შევალ, რადგან ისევ მივალთ გემოვნებასა და უგემოვნობასთან. არ ვამბობ, რომ აქ ყველაფერი იდეალურად არის, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის წინ“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.
როგორც ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნა, აქვს განცდა, რომ პოლიტკოვსკაიაზე მიმდინარე მშენებლობაზე არცერთი დეპუტატი არ არის ნამყოფი.
„იქ რომ ახსენეს, ფული სად წავიდაო, სად წავიდა და პოლიტკოვსკაიაზე ხორციელდება საქართველოში ერთ-ერთი მასშტაბური მშენებლობა, რომელიც დასასრულს უახლოვდება. ღმერთმა ქნას, არ ჩავიდინოთ ერთად ეს რაღაც სისულელე, რომ ამას საფრთხე შეექმნას. ეს არის თანამედროვე შენობა, სადაც არის ტელე და კინოინდუსტრიის განვითარების დიდი შესაძლებლობები. იქ დიდი პავილიონები, თეატრი იქნება და ეს ყველაფერი საჭიროა. მე მინდა, პარლამენტარებს ვთხოვო, ამოვიდნენ და ნახონ, ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებენ. ეს ტელევიზია შენდება, ძირითადად, საოპერაციო თანხებით. ანუ, ხელფასებში რომ უნდა წასულიყო, ის ფული იქნა აქეთკენ მიმართული. ძველი შენობა, უბრალოდ რომ ვთქვათ, ინგრევა და ეს გადაწყვეტილება იყო მიღებული. ანუ, რეალური საჭიროება იყო თუ არაო, რომ ამბობენ, ამოდით და ნახეთ, თავადი მოგისმენდა ხოლმე და ჩვენც არ ვართ ახლა ყმები. რომ ამოვიდნენ და ნახონ, დარწმუნებული ვარ, რეალურ საჭიროებაზე ცოტა სხვანაირი საუბარი იქნება. დიდი განცდა მაქვს, რომ იქ არცერთი დეპუტატი არ ყოფილა. სხვა შემთხვევაში, ერთი მაინც ადგებოდა და იტყოდა, ის იმოდენა შენობა რომ ვნახე, სასწაული ხომ არ მოხდაო. ზღაპრებში რომ არის, ხალიჩას რომ აიქნევს და სასახლე გაჩნდება, შეიძლება, ასე ჰგონია ვიღაცას“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
მაღლაფერიძის თქმით, დღეს ნამდვილად იყო დეპოლარიზაცია.
„თხა და მგელი ერთად ძოვდესო, სულ მეგონა, „ვეფხისტყაოსანში“ რომ არის, ეს იმქვეყნად უნდა მომხდარიყო, სამოთხეში და დღეს ვნახე პარლამენტში.
მართალი გითხრათ, დავფიქრდი კიდეც, რომ იტყვიან, საზოგადოებრივი მაუწყებელი მტლად დაგდებია, თუ ასეთი სიამტკბილობა და გემოვნებითი დამთხვევა იქნება. თუ ასეა, რაღა არის საკამათო? ხუმრობით კი ვამბობ, მაგრამ თუ ასეთი გემოვნებითი დამთხვევაა, როცა ერთნაირი მუსიკა არ მოსწონთ და ერთნაირი ფილმი არ მოსწონთ, რაც აქ არის, ესე იგი, ერთნაირი ფილმი მოსწონთ და ერთნაირი მუსიკა, ხომ? თუ ასეთი გემოვნებითი დამთხვევაა, ეს პოლიტიკა რაღა არის, ხომ უმნიშვნელოა? თუ ჰგონიათ, რომ ეს ევროპასთან უფრო აახლოებს? ეს კითხვებია და ჩვენი ასე იოლად ჩამოცილება, თქვენ ბევრი ფული ხომ არ გინდათ, ეკონომიას ვაკეთებთო, ასე არ მოხდება. დღეს არა, ხვალ ისევ გაახსენდებათ ეს გადაწყვეტილება, ზეგ გაახსენდებათ და ერთი წლის მერე. იმიტომ, რომ, მგონია, ეს არის ძალიან უკან წარსულში ნახტომი“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.
მისი თქმით, პირველ რიგში, საზოგადოებამ დაინახა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ის აღარ არის, რაც ადრე იყო.
„რომ ვაკვირდები, ბოლო წლებში, საზოგადოებრივ მაუწყებელს გამოტოვებენ ხოლმე და ის თანდათან აღარ სახელდება პარტიულ და მიკერძოებულ ტელევიზიებში. იმიტომ, რომ, პირველ რიგში, ჩვენმა ხალხმა დაინახა წინსვლა და არა იმიტომ, რომ მერე ეუთო-ს დასკვნა იყო, რომ ეს არის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ტელევიზია, რაც პირველად გაჩნდა. მერე ადამიანები მიხვდნენ, რომ შენ ამოვარდნილი ხარ და როდესაც დამოუკიდებლობას ვეჩვევით, ახლა აღმოჩნდა, რომ თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი არავისი არ არის, აღარც საჭირო არ ყოფილაო. ეს ძალიან მძიმე რამე იქნება, თუ ჩვენ ამიტომ არ ვართ საჭირო, რომ არავისი არ ვართ, ესე იგი, საზოგადოების რომ გახდა, არავინ აღარ მოინდომა“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ პარლამენტის წევრებს სთხოვა, დაფინანსების წესის შესახებ ფართო მსჯელობა და პოზიციების შეჯერება მოხდეს.
„ძალიან არ მინდა, ისეთ ქვეყანაში ვიყო, ვიღაცებმა თქვან, მოდით, ჩვენ ყველაფერი ზუსტად ვიცით, ჩვენ ვართ 79 და ჩვენ ამ ბეჭედს დავარტყამთო. მე მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მგონია, რომ მოინახება გზა, რომ არც ქვეყანა დავაზიანოთ, არც სახელმწიფოს ინტერესები, არც არაფერი და აქ ადამიანების შრომასაც პატივი ვცეთ. იმიტომ, რომ აქ შრომობენ ადამიანები და ცდილობენ, კარგი გააკეთონ. ხვალისთვის კიდევ ბევრი კარგი გეგმაა, ზეგისთვის კიდევ უფრო ბევრი და ნამდვილად არის ჩაფიქრებული კარგი გეგმები. მე მაინც მგონია, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.