ვასილ მაღლაფერიძე - მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტის ყველა ნორმა მიმართულია იქით, რომ პირველი არხი იყოს მაქსიმალურად დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი
მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტის ყველა ნორმა მიმართულია იქით, რომ პირველი არხი იყოს მაქსიმალურად დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, როგორც ეს კანონის სულისკვეთებასა და საზოგადოების ინტერესებშია, – ამის შესახებ პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ განაცხადა.
„ხაზს გავუსვამ ამას, რაზეც ძალიან ცოტა საუბრობს, მათ შორის ის ადამიანები, რომლებიც, წესით, უნდა საუბრობდნენ, რომ პირველი არხი, სამწუხაროდ, ასეთი დამოუკიდებელი არ იყო.
საზოგადოებრივი მაუწყებელი კანონითაც არ იყო დამოუკიდებელი და მეტსაც გეტყვით, კანონით დღესაც არ არის დამოუკიდებელი, ამიტომ ჩვენ ვცდილობთ, რომ ცვლილებები იყოს საკანონმდებლო დონეზე. უნდა იყოს ნება და ქვეყანაში თუ ეს ნება არ არის და კანონები არ სრულდება, ცხადია, ამას აზრი არ აქვს.
დღეს არ არის კარგი კანონი, ეს არის კანონი, რომელიც ბოლომდე ვერ უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას. ყველა მუხლი, რომელიც კანონპროექტშია შეტანილი, შეთანხმებულია ევროპის მაუწყებელთა კავშირთან და სხვადასხვა ექსპერტთან“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.