ვასილ მაღლაფერიძე - კულტურის კომიტეტს წარვუდგინეთ ანგარიში და კომიტეტმა დაინახა ის დიდი შრომა, რომელიც გასწია საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, იყო შენიშვნებიც, წინადადებებიც, შევთანხმდით მჭიდრო თანამშრომლობაზე
კულტურის კომიტეტს წარვუდგინეთ ანგარიში და კომიტეტმა დაინახა ის დიდი შრომა, რომელიც გასწია საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, იყო შენიშვნებიც, წინადადებებიც, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა პარლამენტში, სადაც კულტურის კომიტეტს მაუწყებლის 2021 წლის მუშაობის ანგარიში წარუდგინა.
ვასილ მაღლაფერიძის თქმით, კულტურის კომიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმდნენ.
„წარვადგინეთ 2021 წლის მუშაობის ანგარიში და მადლობელი ვართ, კომიტეტმა დაინახა ის დიდი შრომა, რომელიც გასწია საზოგადოებრივმა მაუწყებელმა. იყო შენიშვნებიც, იყო წინადადებებიც. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის კულტურის კომიტეტის აზრი და შევთანხმდით, რომ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა იქნება კერძოდ, არქივთან დაკავშირებით.
ამავე დროს, ჩვენ გავაჟღერეთ – ეს საერთო აზრია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი გახდეს ქართული ფილმების წარმოების ერთ-ერთი ცენტრი. ამაზე ჩვენ ვფიქრობთ კანონპროექტის მომზადებას, რომლითაც გარკვეული თანხა პირდაპირ იქნება ქართული ფილმების წარმოებაზე და ამით ქართულ ფილმს შეექმნება მკვიდრი ფინანსური საფუძველი.
ჩვენ შეგვეძლება, გარკვეულ კოპროდუქციაში შევიდეთ სხვასთან ერთად და ვაწარმოოთ ფილმები, რომლებიც უშუალოდ იქნება მაყურებელზე ორიენტირებული. ძალიან დიდი მხარდაჭერა ჰპოვა კულტურის კომიტეტში და დარწუნებული ვარ, ამ კეთილ საქმეს ერთად გავაკეთებთ“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.