ვასილ მაღლაფერიძე - კოსტავას ქუჩაზე მდებარე შენობა თავისი ეპოქის მოთხოვნებს პასუხობდა და ერთგულად ემსახურა სამშობლოს, ახალი შენობა თანამედროვეობის მოთხოვნებს პასუხობს, ვუსურვოთ, რომ სახელოვანი წინამორბედის ღირსეული მემკვიდრე იყოს
ვასილ მაღლაფერიძე - კოსტავას ქუჩაზე მდებარე შენობა თავისი ეპოქის მოთხოვნებს პასუხობდა და ერთგულად ემსახურა სამშობლოს, ახალი შენობა თანამედროვეობის მოთხოვნებს პასუხობს, ვუსურვოთ, რომ სახელოვანი წინამორბედის ღირსეული მემკვიდრე იყოს

კოსტავას ქუჩაზე მდებარე შენობა თავისი ეპოქის მოთხოვნებს პასუხობდა და ერთგულად ემსახურა სამშობლოს, ახალი შენობა თანამედროვეობის მოთხოვნებს პასუხობს, ვუსურვოთ, რომ სახელოვანი წინამორბედის ღირსეული მემკვიდრე იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე პირველი არხის ახალი შენობის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ვასილ მაღლაფერიძემ პირველი არხის ყველა თაობის თანამშრომლებს მიულოცა დღევანდელი დღე და აღნიშნა, რომ პირველი არხი ამაყობს თავისი წინამორბედებითა და მათი მემკვიდრეობით.

„მოგესალმებით, პატივცემულო სტუმრებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს და ვულოცავ მთელ საქართველოს. ჩვენს ქვეყანაში ყველა რადიოს და ტელევიზიას პირველმა არხმა დაუდო სათავე. ათწლეულების განმავლობაში ეს არხი გახლდათ ქართული კულტურის ერთ-ერთ ერთი მთავარი ხელშემწყობი. მინდა, პირველი არხის ყველა თაობის თანამშრომლებს მივულოცო დღევანდელი დღე და ვუთხრა, რომ პირველი არხი ამაყობს თავისი წინამორბედებითა და მათი მემკვიდრეობით. აქ ეფერებოდნენ ძველს და ქმნიდნენ ახალ შედევრებს! პირველი არხი იყო უპირველესი ქომაგი ქართული სიმღერის, მთლიანად ხალხური შემოქმედების, ქართული ფილმის, თეატრის, სპორტის, ლიტერატურის, კულტურის, მეცნიერების, ანუ ყველაფერ იმის, რაც ქართულ ფენომენს ქმნის. საზოგადოებრივი მაუწყებლის ოქროს ფონდი ეროვნული მეხსიერების განუყოფელი ნაწილია, მაგრამ, ამავე დროს, ამ ფონდს განუწყვეტლივ სჭირდება განახლება და შევსება. როცა საქმე კულტურას ეხება, მით უმეტეს, ჩვენისთანა პატარა ქვეყანაში, მხოლოდ კომერციული ინტერესების იმედად ვერ ვიქნებით და ამიტომაც არსებობს საზოგადოებრივი მაუწყებელი.

ბოლო წლებში არხს ძალიან გაუჭირდა და კრიზისი სულ უფრო მწვავდებოდა. ამის გამო საზოგადოების ერთ ნაწილში მის მიმართ ნიჰილიზმმა იჩინა თავი, რაც, გარკვეულწილად, თანამშრომლების განწყობაზეც აისახებოდა. ძველი შენობა, რომელმაც თავისი ვალი პირნათლად მოიხადა, ავარიულ მდგომარეობაში იყო, ტექნიკური ბაზა, კამერები, განათება, სტუდიების აღჭურვა და მართვა მორალურად და ფიზიკურად ძალიან დაძველდა. არხმა ჩამორჩენა დაიწყო. საჭირო იყო ძირფესვიანი და სრული განახლება. შემუშავდა ახალი შენობის აშენების და გადაიარაღების გეგმა, მაგრამ მის განხორციელებას პირი არ უჩანდა, ვინაიდან შესაბამის ინსტანციებში გეგმა არარეალისტურად მიაჩნდათ. გამოსავალი არ ჩანდა და როცა თითქმის ყველა იმედი გადაგვეწურა, ამას საჯაროდ პირველად ვამბობ და ამის შესახებ ცოტამ იცის, ოთხმა დირექტორმა – თინათინ ბერძენიშვილმა, გიორგი გვიმრაძემ, ნოდარ ჭიჭინაძემ და მე, მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მივმართეთ. მან მოგვისმინა, გეგმას გაეცნო, გარკვეული შესწორებების შეტანაც გვირჩია და ცოტა ხანში პროექტი სრული ტემპით დაიძრა“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

ვასილ მაღლაფერიძის განმარტებით, საქართველოს პირველი არხის ახალი შენობა უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის თანადგომით აშენდა, რისთვისაც მას მადლობას უხდის, ყველა გულშემატკივართან ერთად, ვინც ამ პროცესს ხელი შეუწყო.

„ჩემი მეგობრები დამემოწმებიან – რომ არა ბიძინა ივანიშვილი, ჩვენი გეგმა ფურცელზე დარჩებოდა, ეს შენობა უშუალოდ მისი თანადგომით აშენდა და ამისთვის მადლობა მას. მადლობას ვუხდი ყველა გულშემატკივარს, ვინც ამ პროცესში გვეხმარებოდა! არც ხელის შემშლელები გვაკლდნენ, რომლებიც იმ იმედით სულდგმულობდნენ, რომ ეს საქმე არ გამოგვივიდოდა და ამით გაიხარებდნენ. მათაც გულწრფელი მადლობა, მინდა, ვუთხრა, რადგან, პირიქით, ძალას გვმატებდნენ. მადლობას ვუხდი თინათინ ბერძენიშვილს, რომელმაც თავისი წინამორბედი თინათინის მსგავსად, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ლეკვი ლომისა სწორია და, თავის მაგარ გუნდთან ერთად, დიდი ტვირთი აწია და ბოლომდე მიიტანა. ეს ლამაზი შენობა, რომელიც ქართველმა არქიტექტორებმა დააპროექტეს და ქართველმა მშენებლებმა ააშენეს – მადლობა მათ ამისთვის – შემდეგი ათწლეულების განმავლობაში ქართული კულტურის მნიშვნელოვანი კერა იქნება.

დღეს მხოლოდ შენობის გახსნა კი არ გვიხარია, არამედ ის, რომ იმ ყმაწვილებს, რომლებმაც დღეს შენობა გახსნეს, ხვალ და ზეგ საშუალება ექნებათ, აქ სპექტაკლები დადგან, ფილმები გადაიღონ, კონცერტები გამართონ, მრავალჟამიერი ააგუგუნონ, ქართულ ნიჭს გასაქანი მისცენ და ქართული საქმე აკეთონ. კოსტავას ქუჩაზე მდებარე შენობა თავისი ეპოქის მოთხოვნებს პასუხობდა და ერთგულად ემსახურა სამშობლოს, ეს ახალი შენობა თანამედროვეობის მოთხოვნებს პასუხობს, გზა დავულოცოთ და ვუსურვოთ, რომ სახელოვანი წინამორბედის ღირსეული მემკვიდრე და საქმის გამგრძელებელი იყოს.

დაბოლოს, უმრავლესობა დღეს პირველად მობრძანდით ამ შენობაში, ამიტომ, ნება მიბოძეთ, გამოვარჩიო ერთი სტუმარი, რომელიც, როგორც გულშემატკივარი, რამდენჯერმე არის აქ ნამყოფი ჯერ კიდევ მშენებარე შენობის დასათვალიერებლად. მაშინ იგი პრემიერ-მინისტრი არ გახლდათ. ბატონ ირაკლი კობახიძეს ვთხოვ, რომ ორი სიტყვა გვითხრას“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

საქართველოს პირველ არხს ახალი შენობა აქვს, რომელიც პოლიტკოვსკაიას 31 ნომერში მდებარეობს. მშენებლობის პროცესი დასრულდა და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობა საზეიმო ვითარებაში დღეს ოფიციალურად გაიხსნა.