ვასილ მაღლაფერიძე - ხაზგასასმელია პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“, რომლის მიზანია ეთნიკური უმცირესობებისთვის ინფორმაციის მათთვის გასაგებ ენაზე ხელმისაწვდომობა, ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ პარლამენტში, დეპუტატების წინაშე პირველი არხის მუშაობასთან დაკავშირებული ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ განსაკუთრებული შემოქმედებითი რესურსი იხარჯება ეთნიკური უმცირესობების ინფორმირების მიზნით.
ვასილ მაღლაფერიძის თქმით, ხაზგასასმელია პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“, რომლის მიზანია ეთნიკური უმცირესობებისთვის ინფორმაციის მათთვის გასაგებ ენაზე ხელმისაწვდომობა, ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა.
„გასულ წელს ეთნიკური უმცირესობების ენებზე გაშუქებული ტექსტური ინფორმაციის საერთო რაოდენობაა 36,091, ხოლო სომხურ, აზერბაიჯანულ და ქურთულ ენებზე ნათარგმნმა და ორიგინალურმა ვიდეო პროდუქციამ ჯამში შეადგინა 26,913 ერთეული. ეთნიკური უმცირესობების შესახებ ქართულ ენაზე გაშუქებული თემების საერთო რაოდენობაა 767.
ხაზგასასმელია პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“, რომელიც მიზნად ისახავს ეთნიკური უმცირესობებისთვის ინფორმაციის მათთვის გასაგებ ენაზე ხელმისაწვდომობას, ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობას, მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლებას და მრავალფეროვან კულტურათა დიალოგის ხელშეწყობას. საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ პლატფორმა 1tv.ge ფუნქციონირებს შვიდ ენაზე. პარალელურ რეჟიმში ქვეყანაში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მომხდარი ახალი ამბები ითარგმნება აფხაზურ, ოსურ, აზერბაიჯანულ, სომხურ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.
დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვება მოამბე 21:00 საათზე სინქრონულად ითარგმნება სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე; მზადდება გასართობი, კულტურული, შემეცნებითი და საბავშვო გადაცემები აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე; 2021 წლიდან საზოგადოებრივი მაუწყებელი ამზადებს ახალ ამბებს ქურთულ ენაზე; 2021 წელს „ტელესკოლის“ ეთერში გადიოდა სპეციალურად არაქართულენოვანი სკოლებისთვის მომზადებული ქართული ენის ტელეგაკვეთილები“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.