ვასილ მაღლაფერიძე - ღვინის სამშობლოზე რომ გვქონდეს პრეტენზია, რაც ნამდვილად ვართ, ღვინის კულტურა იდეოლოგიის დონეზე უნდა იყოს აყვანილი
ღვინის კულტურა იდეოლოგიის დონეზე უნდა იყოს აყვანილი, რომ ღვინის სამშობლოზე გვქონდეს პრეტენზია, რაც ნამდვილად ვართ, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.
როგორც ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნა, საქართველოში ღვინის ფალსიფიცირების პრობლემა ძალიან რთულად დგას და ეს მხოლოდ ეკონომიკის საკითხი არ არის.
„ჩვენ გვინდა, ღვინო ეროვნულ ნიშნად იქცეს და ქვეყანა – ღვინის სამშობლოდ. ეს უნდა იყოს იდეოლოგიის დონეზე აყვანილი, რომ ღვინის სამშობლოზე გვქონდეს პრეტენზია, რაც ნამდვილად ვართ. ყველა მეორე კვების ობიექტში არ უნდა გვეპარებოდეს ეჭვი, რა ხარისხის ღვინოს ვსვამთ. არაფერს ვამბობ ე.წ. საოჯახო მეურნეობებში წარმოებულ ღვინოზე, რასაც გაყიდვის ასევე დიდი წილი მიაქვს ღვინის. წარმოიდგინეთ, ეს ქვეყანა რომ იყოს ხარისხიანი ღვინის მწარმოებელი, როგორი მოხმარება გვექნება“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.
მისი თქმით, ღვინო უნდა გაიყიდოს ყველა ბაზარზე, სადაც მისი გაყიდვა არის შესაძლებელი.
„ღვინო სადაც გვეყიდება, ყველგან უნდა გავყიდოთ, ყოველგვარი კომპლექსების გარეშე. ჩვენი წითელი და ტკბილი ღვინოები ვიცით, საითაც იყიდება“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.
როგორც ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნა, საქართველოს მომავალი არის ევროპაში და ევროკავშირის წევრობა არის რეალური, მაგრამ უნდა განისაზღვროს, როდის არის შესაძლებელი ეს, რათა მომზადება ამის მიხედვით მოხდეს.
„პროგნოზი უნდა გაკეთდეს, როდის გვექნება ევროკავშირის წევრობა, თუ არის, ვთქვათ, ხუთი წლის შემდეგ, სხვანაირი მომზადება გვინდა, თუ ათი წლის შემდეგ არის, მაშინ – სხვანაირი. მოდელირება გვჭირდება – დადგა ევროკავშირის წევრობა, მერე რა ხდება, როგორი იქნება ჩვენი სასურსათო მაღაზიები, როგორ შევძლებთ წარმოებას და ა.შ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ერთია პოლიტიკა, მაგრამ ნამდვილი პოლიტიკა ყველგან ეკონომიკას ეფუძნება. ყველა პოლიტიკოსი საკუთარი ქვეყნის ეკონომიკური ინტერესებიდან გამოდის და ჩვენ ეს ყველაფერი უნდა დავთვალოთ. მერე მივხვდებით, რას და როგორ ვშვებით, საით გადის პროდუქცია და ა.შ. ღვინოზე ვლაპარაკობთ და უეცრად უპუროდ ან ხორცის გარეშე თუ დარჩი, რა იქნება? საქართველოს იდენტობაზე როდესაც ვლაპარაკობთ, ამ ქვეყანამ იმიტომ მოიტანა თავი აქამდე, რომ ყველაფერში იყო თვითკმარი და სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისით – დაცული. ეს ყველაფერი უნდა დავინახოთ ევროკავშირის თუ მსოფლიოს საერთაშორისო ვაჭრობის ჭრილში, როგორ ვიქნებით. ეს არის ძალიან საინტერესო, საფრთხილო და საფიქრალი. უნდა ვიფიქროთ, როგორ მოხდება ეს ყველაფერი და არა იმაზე, იარლიყები ვაწებოთ ერთმანეთს. ყალბი პოლიტიკური რევერანსების გამო ამ თემებზე საუბარი ტაბუირებულია და არ ვსაუბრობთ, არადა, აუცილებელია. ხედავთ, უკრაინაში როგორც კი პატარა ამბავი მოხდა, პოლონელმა ფერმერებმა პროტესტი დაიწყეს, უკრაინელი კი გვიყვარს, მაგრამ ჩვენი პრობლემა გვაქვსო. აბა, ჩვენ ვახსენოთ ახლა რამე ასეთი. ეს ევროკავშირის წევრობა რომ დადგება, ჩვენ, პრაქტიკულად, მრეწველობის გარეშე ვართ. ადრე რომ იძახდნენ, ბორჯომი გადაგვარჩენსო, ასე ხომ არ არის? ვერც ღვინო იზამს ამას, ვერც მოცვი და ვერც ნუში. ამის უკან არის პოლიტიკური ტყუილი. ფულს მოგვცემენო, არავინ არაფერს ტყუილად არ მოგვცემს, თუ მოგვცემს, დოტაცია არის საერთოდ დამაქცევარი“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.
მისივე თქმით, პოლიტიკოსების მიერ ილუზიის შექმნა, თითქოს ევროკავშირში შესვლის შემდეგ დოლარების წვიმა წამოვა, არის დანაშაული.
ამასთან, მაღლაფერიძის თქმით, საქართველოს აქვს ყველა პირობა, რომ ნებისმიერ ვითარებაში გაძლოს.
„როგორც ილია იტყოდა, ახლა ამას უნდა კარგად გამოყენება“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.