ვასილ მაღლაფერიძე - გაეროს მიერ აღიარებული საზღვრების ისტორიულ ჭრილში განხილვა და ამ თემაზე დისკუსიაში შესვლა რუსეთის ოფიციალურ პირებთან დიდი შეცდომა იქნება და ამის უფლება არავის აქვს
ვასილ მაღლაფერიძე - გაეროს მიერ აღიარებული საზღვრების ისტორიულ ჭრილში განხილვა და ამ თემაზე დისკუსიაში შესვლა რუსეთის ოფიციალურ პირებთან დიდი შეცდომა იქნება და ამის უფლება არავის აქვს

გაეროს მიერ აღიარებული საზღვრების ისტორიულ ჭრილში განხილვა და ამ თემაზე დისკუსიაში შესვლა რუსეთის ოფიციალურ პირებთან ძალიან დიდი შეცდომა იქნება და ამის უფლება არავის აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

როგორც ვასილ მაღლაფერიძე აცხადებს, სწორედ გაეროს მიერ აღიარებული საზღვრებში შემოიჭრა რუსეთი და მოახდინა ტერიტორიის ოცი პროცენტის ოკუპაცია.

„საქართველოს საზღვრები აღიარებული და დადგენილია გაეროს მიერ და საერთაშორისო ურთიერთობებში მხოლოდ ამ ფაქტით უნდა ვიხელმძღვანელოთ. სწორედ გაეროს მიერ აღიარებული საზღვრებში შემოიჭრა რუსეთი და მოახდინა ტერიტორიის ოცი პროცენტის ოკუპაცია. გაეროს მიერ რომ არის აღიარებული საქართველოს საზღვრები, სწორედ ამიტომ ეწინააღმდეგება მისი ხელყოფა საერთაშორისო სამართალს. დღეს ასეთ მსოფლიო წესრიგს აღიარებს მსოფლიო. ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის რუსეთი არ იცავს ხოლმე ამ წესრიგს, მაგრამ ფორმალურად ყოველთვის აღიარებს. აქედან გამომდინარე, ტერიტორიული მთლიანობის საკითხების ოფიციალურ დონეზე განხილვისას და, მით უმეტეს რუსეთთან, საქართველოსთვის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს მხოლოდ გაეროს მიერ აღიარებული საზღვრები! სხვა მდგენელის შემოტანაზე მინიშნებაც კი დაუშვებელია. გაეროს მიერ აღიარებული საზღვრების ისტორიულ ჭრილში განხილვა და ამ თემაზე დისკუსიაში შესვლა რუსეთის ოფიციალურ პირებთან ძალიან დიდი შეცდომა იქნება და ამის უფლება არავის აქვს. რამდენიმე ათასწლეულის განმავლობაში რომელ საუკუნეში სად გადიოდა საქართველოს საზღვარი, ამის შესახებ ისტორიკოსებმა უნდა იმსჯელონ სამეცნიერო კონფერენციებზე და მასში მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეუძლია, მათ შორის რუსეთიდან, თუ სათანადო სამეცნიერო ცენზი ექნება, მაგრამ საქართველოს დღევანდელი საზღვრები ისტორიკოსების მსჯელობის თემა ვეღარ გახდება. გაერომ 1991 წელს აღიარა საქართველო არსებულ საზღვრებში და საკითხი დაიხურა. მსოფლიო დღეს ამ წესრიგით ცხოვრობს.

P.S. ასე რომ, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, როგორ იცის პრეზიდენტ პუტინმა მე-18 საუკუნის საქართველოს ისტორია, მაგრამ თუ რომელიმე ჟურნალისტი მოახერხებს და პრეზიდენტ პუტინს ჰკითხავს, რამდენად მართებულად მიაჩნია მას რუსეთის საზღვრების განხილვა მე-18 საუკუნის მდგომარეობით, პასუხი საინტერესო იქნებოდა“, – წერს ვასილ მაღლაფერიძე.