ვასილ მაღლაფერიძე - ევროპის მტრებს რომ ეძებენ ახლა, ასეთი ადამიანები გულწრფელად ეძებდნენ ქრისტიანობის მტრებსაც თავის დროზე და მერე ქრისტიანობის სახელით წვავდნენ კოცონზე
კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული ეტაპი გავიარეთ და უნდა გავაგრძელოთ შრომაც და ცხოვრებაც, – განაცხადა პირველი არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„რაც თავი მახსოვს, სულ სადღაც შევდივართ, მაგრამ ხომ უნდა ვიცხოვროთ კიდეც? წიგნი უნდა წავიკითხოთ, ბავშვები გავზარდოთ და ღვინო დავწუროთ. პარალელურად, უნდა გავარჩიოთ კანდიდატის სტატუსის ამბავი და გავიხაროთ, მაგრამ ყოველდღე იმის ძახილი, შენ რატომ არ მოგწონს, შენ რატომ მოგწონს, მე ასე არ მომწონს, იმან შენზე ეს თქვა და რაღაცები, არ არის საჭირო. მოდით, ერთი ვინმემ მოაწყოს გადაცემა, პოლიტიკოსები მოიყვანოს და ილაპარაკონ მაგალითად, დანტეს პრობლემატიკაზე, ან დანტესა და რუსთაველზე. არ მითხრას ვინმემ, რომ ეს საინტერესო არ არის, მაგრამ თუ წაკითხული არ გაქვს, საინტერესოც არ არის, ალბათ. მოდით, შევიკრიბოთ და ჩავატაროთ მაგალითად, ევროპის ცოდნის კვირეული და ვკითხოთ – აი, შენ რომ ხარ პარტიის ცნობილი ლიდერი, 30 წელია, გიყურებ და მგზნებარე ევროპელი ხარ, 12-პუნქტიანი გეგმა არ გინდა, მაგრამ 12 წიგნი მითხარი, რომელი წაიკითხე. ცუდ რამეს ვამბობ, მაგრამ ეს უკვე არის ფარისევლობა და მერე იწყება მტრის ძებნა“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.
მისი თქმით, სამწუხაროდ, მუდმივად მიმდინარეობს „ევროპის მტრების“ ძიება და მათი დამუნათება.
„მტრებს რომ ეძებენ ახლა, ასეთი ადამიანები გულწრფელად ეძებდნენ ქრისტიანობის მტრებს, თავის დროზე და მერე ქრისტიანობის სახელით წვავდნენ კოცონზე. ხომ არ გგონიათ, რევოლუციის და კომუნიზმის არ სჯეროდათ? ნამდვილად სჯეროდათ და ძალიან მაგარ ახალგაზრდებსაც სჯეროდათ; მართლა დადიოდნენ და ეძებდნენ კომუნიზმის მშენებლობის მტრებს, ეტირებოდათ კიდეც და მშვენივრადაც ასმენდნენ. ამას ძალიან გულწრფელად აკეთებდნენ და ახლაც, რომ დააკვირდე, მზად არიან, ყელში წვდნენ ვიღაცას, შენ ევროკავშირის მტერი ხარო. მას ეს ეჩვენება, რადგან ჩააგონეს რაღაც, მეტი არაფერი იცის და იცის, რომ ვიღაც მტერია. ვინ არიან მტრები? რატოა მტერი? – იმიტოა და ა.შ. პრორუსულიო, რომ ამბობენ, 37-ში ის მწერლები რა, სულ ხალხის მტრების სახელით არ დახვრიტეს?! ბაბუაჩემიც ასე დახვრიტეს და დიდი ბაბუაც“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე, აქვს თუ არა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს სხვადასხვა ევროპა, რადგან ყველა ერთხმად ვამბობთ, რომ გვინდა ევროპა, მაგრამ ამავდროულად, ვხედავთ განსხვავებული პოზიციის მკვეთრ მიუღებლობას საზოგადოების ნაწილში, ვასილ მაღლაფერიძემ თქვა, რომ საქართველოშიც იგივე ხდება, რაც ყველგან, კონსტიტუციაც მუშაობს, რომელსაც ვიღაც არღვევს, მერე ეს ვიღაც ისჯება და ა.შ.
„რითი ვართ უკმაყოფილო? კონსტიტუციაც მუშაობს და შუქნიშანიც წითელს და მწვანეს ანთებს. კითხულობენ, როგორ, ევროპაში შევდივართ და მაინც შეიძლება, ცუდი სიტყვები ვთქვათ? როგორ, ევროპაში შევდივართ და მაინც შეიძლება, კონსტიტუცია დაარღვიონ? კონსტიტუციასაც დაარღვევენ, ადამიანები ცუდადაც მოიქცევიან და ა.შ. ცხოვრება გრძელდება. ეს ყველგან ასე ხდება, ვიღაცები რაღაცებს არღვევენ, მერე ამისთვის ისჯებიან და ა.შ. აქ ისეთი ვითარებაა, ბავშვებს რომ ეუბნებოდნენ, შენ ახლა პიონერი ხარ და ეგ აღარ გეკადრებაო, მერე ეუბნებოდნენ, შენ ახლა კომკავშირელი ხარ და ეგ აღარ გეკადრებაო“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.
მისივე თქმით, საქართველოს ცივილიზაციური არჩევანი დიდი ხანია, გაკეთებული აქვს. „დიდი პატივისცემის მიუხედავად, ჩვენ იაპონური ცივილიზაციის ნაწილი ვერ გავხდებით, ჩვენი რაოდენობიდან, გეოგრაფიიდან გამომდინარე და ა.შ. რომ დავდგებით და ვამტკიცებთ, ევროპა ჩვენი არჩევანიაო, ამას რა მტკიცება უნდა?! ჩვენ ვართ ქრისტიანული ცივილიზაციის ნაწილი, გვიშრომია, გვიწვალია, ამდენი საუკუნე გვიცხოვრია, ღვინო დაგვიწურია, კიდევ გავაგრძელებთ, კიდევ ვაპირებთ ცხოვრებას და ყველაფერი კარგად მიდის. რასაკვირველია, თავისი დიდი პრობლემებით. თითქოს, ხელოვნურად ვეძებთ სტრესებს ამ ისედაც ცოდო-მადლიან ცხოვრებაში“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.