ვასილ მაღლაფერიძე - ევროპის ბიურო არ იხურება, ძლიერდება და ჟურნალისტები როტაციის პრინციპით იმუშავებენ
პირველი არხის ბრიუსელის ბიურო არ იხურება, პირიქით ძლიერდება და ჟურნალისტები როტაციის პრინციპით იმუშავებენ, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
როგორც მაღლაფერიძემ აღნიშნა, უცხოეთის მიმართულება პირველი არხის პრიორიტეტია და აქ ჟურნალისტების საკმაოდ გრძელი სკამი არსებობს.
მისივე თქმით, ევროპის ბიუროს ჟურნალისტს ქეთევან ქარდავასაც აქვს შეთავაზება.
“უნდა გითხრათ, რომ ბრიუსელის ბიურო არათუ იხურება, არამედ ძლიერდება ევროპაში. უცხოეთი ჩვენი პრიორიტეტია და საკმაოდ გრძელი სკამი გვაქვს. გამოჩნდა ესპანეთის, სხვაგან და სხვაგან, მთელ რიგ მოვლენებთან მიმართებაში, რომ პროფილურადაც გვჭირდება სხვადასხვა ტიპის მუშაობა, რათა უფრო მოქნილები ვიყოთ. ამიტომ ჩვენ გვემატება საერთაშორისო გადაცემა. სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ იქნება სწორედ როტაცია. ქალბატონ ქარდავასაც აქვს შეთავაზება და ის ჩვეულებრივად რჩება. მაქსიმალურად უნდა მოვიცვათ ჩვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე მთელი ევროპა. ჩვენ ვგეგმავთ, რომ გადაცემები მომზადდეს პირდაპირ იქიდან”, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.