ვასილ მაღლაფერიძე - ენა აზროვნების საშუალებაა, რაც უფრო სუფთა და მორგებული გვექნება, კომუნიკაციის ხარისხი უფრო იმატებს, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია, ამ ჯანსაღ პროცესს პოპულარიზაცია გაუწიოს
ენა არის აზროვნების, კომუნიკაციის საშუალება და რაც უფრო სუფთა და მორგებული გვექნება, აზროვნების, კომუნიკაციის ხარისხი მით უფრო იმატებს, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია, ამ ჯანსაღ პროცესს პოპულარიზაცია გაუწიოს, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძემ პირველი არხისა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შორის სამეტყველო ენის დახვეწასთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, მიესალმება პირველი არხისა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის წამოწყებას.
„თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს ენის გამდიდრების პროცესი. ამავე დროს, გარკვეულწილად, ენას დანაგვიანების საფრთხეც ემუქრება. ეს ნორმალური პროცესია, მაგრამ ორგანიზაციული სტრუქტურები ცდილობენ ენის დაცვას. ენა არის აზროვნების, კომუნიკაციის საშუალება და რაც უფრო სუფთა და მორგებული გვექნება, აზროვნების, კომუნიკაციის ხარისხი მით უფრო იმატებს. ამიტომ თანდათან, მაქსიმალურად უნდა გამოვასწოროთ ეს საკითხი, თუმცა ძალიან რბილად და აქ არ იგულისხმება რაღაც სასჯელის დაწესება. საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია, ამ ჯანსაღ პროცესს გაუწიოს პოპულარიზაცია. დარწმუნებული ვარ, თანდათანობით, დაჟინებული მუშაობით, კარგ შედეგს მივიღებთ. მივესალმები პირველი არხისა და ენის პალატის წამოწყებას“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
პირველი არხისა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სამეტყველო ენის დახვეწასთან დაკავშირებით შეხვედრა დღეს გამართეს. შეხვედრის მიზანი მედიაში დამკვიდრებული ტიპური შეცდომების, ბარბარიზმების ქართული შესატყვისებით ჩანაცვლება და ქართული ენის კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაციაა.
შეხვედრაზე არხის ხელმძღვანელობამ, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, სხვადასხვა საინფორმაციო და საგანმანათლებლო აქტივობა დაგეგმა.
ამ საკითხთან დაკავშირებით პირველ არხსა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტს შორის მემორანდუმის გაფორმება იგეგმება.