ვასილ მაღლაფერიძე - დიდი ქვეყანაც კი ცდილობს, მოკავშირეები შემოიკრიბოს, რათა უფრო გაძლიერდეს, საქართველომაც გაიკვალა გზა, რომ ევროპასთან პოლიტიკური კავშირი შემდგარიყო
საქართველომ არ დაკარგა თავისი სულიერი კავშირი ევროპასთან და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ გაიკვალა გზა, რომ პოლიტიკური კავშირი ყოფილიყო დასავლეთ ევროპასთან, რომელთანაც ცივილიზაციური სიახლოვეც გვაქვს, რადგან ერთ საფუძველზე დგას და ეს არის ქრისტიანული მოძღვრება, – ამის შესახებ პირველი არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ახლა კანდიდატის სტატუსი გვაძლევს კიდევ უფრო მეტად დაახლოებას და მეტად დაცულობას. კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა. მეორე ნაბიჯი როდის გადაიდგმება, სხვა საკითხია, ბევრი რამ უნდა მოხდეს, აქ გეოპოლიტიკაა და ა.შ. მაგრამ დღეს მოხდა ბევრი რამის კარგად დამთხვევა და პლუს, რასაკვირველია, ხელისუფლების სწორი ნაბიჯები. ახლა კამათი რომ მიდის ამაზე, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ძალიან ბეწვის ხიდზე გაიარა ხელისუფლებამ. ჭადრაკში რაღაც სვლებს რომ აკეთებ, გარშემო ხალხი დგას და გეუბნება, ეს უნდა გექნა, ეს არ უნდა გექნაო, მაგრამ მერე, თუ მოიგე, აღმოჩნდება, რომ ყველა სვლა სწორი იყო. აქაც აღმოჩნდა, რომ ყველა სვლა სწორად გაკეთდა, ხელისუფლება მართავდა ამ პროცესს და გაიყვანა ბოლომდე. საუბარი რომ მიდის, ხალხმა მიიღო და არა ხელისუფლებამ, ხელისუფლება ხალხის წარმომადგენელია, ხომ? როგორი ამბავია, იცით? ნარდს რომ თამაშობ და დუშაში გაგორდება, ზოგადად კი მოგწონს, რა კარგი დუშაშიაო, მაგრამ ის არ გიხარია, მეტოქე რომ აგორებს ამ დუშაშს; ახლა ხელისუფლების გაგორებულია ეს დუშაში და ამაში ნუ გავამტყუნებთ ოპოზიციას, ხელისუფლების დუშაში რომ არ მოსწონს“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.
მისი თქმით, ნებისმიერი ქვეყანა ეძებს მოკავშირეებს და ეძებს სფეროს, სადაც ის დაცული იქნება.
„ყველაზე დიდი ქვეყანაც კი ცდილობს, მოკავშირეები შემოიკრიბოს, რათა უფრო გაძლიერდეს. ჩვენთვის ეს აქტუალურია, ჩვენი ისტორიის და გეოგრაფიის გამო, რომ დაცული ვიყოთ. სადაც შენთვის უფრო ახლობელი სივრცეა, იქითკენ მიდიხარ და ცდილობ, იმ სივრცეში იყო დაცული“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.
ვასილ მაღლაფერიძემ ასევე აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში გადაილახა გაბატონებული აზრი, თითქოს უცხოელის ნათქვამის კრიტიკა არ შეიძლება, რაც ძალიან კარგია.
„ხშირად მიდის საუბარი, აი, უცხოელები ამბობენ და როგორ შეიძლება იმის თქმა, არასწორად ამბობენო. აქ თვითცენზურაც არის ჩართული. ამ თვალსაზრისით, ჩვენ, ქართველები, სულ ისეთ მდგომარეობაში ვიყავით გეოგრაფიულადაც, რომ უცხოელის მიმართ რაღაცნაირად გვქონდა ეს დამოკიდებულება, ოღონდ რამე არ ეწყინოთო. ჩვენ ახლაც, 30 წელია, ამ პროცესს ვუყურებთ, რომ კი, შეიძლება, ჩვენ რაღაც სხვანაირად მიგვაჩნია, მაგრამ უცხოელმა თუ თქვა, მორჩენილი ამბავია. ახლა უცებ ითქვა, რომ ასეც არ არის, ჩვენ ღირსებაც გვაქვს და ვამბობთ, რაღაც თუ სხვანაირად მიგვაჩნია. პირველად, ვიუცხოვეთ კიდეც, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მშვენივრად მოუხდა ესეც ამ პროცესს. რასაკვირველია, რაღაც მოგვწონს და რაღაც არ მოგვწონს. თუ რომელიღაც ევროპარლამენტარს რაღაცები არ მოსწონს, ბუნებრივია, სრული უფლება აქვს, თქვას, მაგრამ მეც მაქვს უფლება, არ მომწონდეს, არც ის ევროდეპუტატი და არც მისი აზრი; ჩვენც შეიძლება, არ მოგვწონდეს რომელიღაც პრეზიდენტის გადაწყვეტილება, შეიძლება, ვთქვათ, რომ, მაგალითად, მაკრონის ყველა გამონათქვამი არ მოგვწონს და ეს ვთქვათ ტელევიზორში, მაგრამ ამით მეხი არ გასკდება და ქვეყანა არ ჩამოიქცევა. არ შეიძლება ასე საუბარი, აი, ამას თუ ვიტყვით, უვიზო რეჟიმს წაგვართმევენ, სტატუსს არ მოგვცემენ და ა.შ. თანდათან იმას უნდა მივეჩვიოთ, რომ თავისუფლებას მარტო პასპორტით და სტატუსით კი არ მოგცემენ, ჩვენ შიგნითაც უნდა გავთავისუფლდეთ“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.