ვასილ მაღლაფერიძე - დღეს საქართველოს რადიოს ემსახურება 52 გადამცემი, განახლდა და დაემატა კიდევ 25, საქართველოს რადიო პირველად გაჟღერდა 24 სამაუწყებლო ზონაში
ვასილ მაღლაფერიძე - დღეს საქართველოს რადიოს ემსახურება 52 გადამცემი, განახლდა და დაემატა კიდევ 25, საქართველოს რადიო პირველად გაჟღერდა 24 სამაუწყებლო ზონაში

2021 წელს საქართველოს რადიომ აწარმოა 30-მდე რადიო პროექტი, რომელიც სრულად აკმაყოფილებს  განსხვავებული გემოვნების მქონე მსმენელის მოთხოვნებს, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძემ პარლამენტში მაუწყებლის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც ვასილ მღლაფერიძემ აღნიშნა, საქართველოს რადიოს ემსახურება 52 გადამცემი.

„რადიო დაფარვის ზონები – პროექტი, ჯერ კიდევ 2019 წელს დაიწყო, ვინც მანქანით არის და უმრავლესობა ცხადია, ასეა, ალბათ გახსოვთ, როდესაც თბილისს გავცდებით და მცხეთისკენ გავდიოდით, პირველი არხი ითიშებოდა და ალაგ-ალაგ ადგილები იყო, სადაც ირთვებოდა. ამ თვალსაზრისით იყო ძალიან დიდი ჩავარდა, მნიშვნელოვანია, რომ იყოს ერთი მედიასაშუალება მაინც, რომელიც მთელ ქვეყანას მოიცავს.

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან და ტელერადიოცენტრთან ერთად თანამშრომლობით დავიწყეთ მნიშვნელოვანი პროექტი. დღეს უკვე საქართველოს რადიოს ემსახურება 52 გადამცემი,დაახლოებით 90-95 პროცენტს ფარავს. საქართველოს რელიეფიდან გამომდინარე, თუ სადღაც არის პატარა ხარვეზი, ისიც განახლდება. პროექტის ფარგლებში განახლდა არსებული გადამცემები და დაემატა 25 ახალი; 24 სამაუწყებლო ზონაში საქართველოს რადიო პირველად გაჟღერდა; 18 სამაუწყებლო ზონაში მაუწყებლობის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

2021 წელს საქართველოს რადიომ აწარმოა 30-მდე რადიო პროექტი, რომელიც სრულად აკმაყოფილებს  განსხვავებული გემოვნების მქონე მსმენელის მოთხოვნებს. მსმენელს აქვს საშუალება, მსოფლიოს კლასიკური მუსიკის შედევრებიდან დაწყებული, თანამედროვე ოქროს ჰიტების ჩათვლით, ფართო სპექტრის მუსიკალურ კონტენტს გაეცნოს. მუსიკალური კონტენტი მოწოდებულია პროფესიონალი მუსიკათმცოდნეების საავტორო გადაცემებში. ასევე რადიო დატვირთულია პოლიტიკური, საზოგადოებრივი, სოციალური, საგანმანათლებლო, შემეცნებითი, კულტუროლოგიური და გასართობი პროგრამებით. ეს არის ერთ-ერთი გემოვნებიანი რადიო, შემიძლია, სრულიად თამამად გაგიწიოთ რეკომენდაცია, რომ ეს არის ის არხი, რომელსაც შეგიძლიათ, თამამად მოუსმინოთ ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად. რაც მთავარია, უსაფრთხო არხის კონცეფცია არის აქაც ჩადებული“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.