ვასილ მაღლაფერიძე - ჩვენთვის მნიშვნელოვანია EBU-ს გენერალური დირექტორის შეფასება, რომ პირველი არხის ახალი შენობა ერთ-ერთი საუკეთესო, ახალ ტექნოლოგიებზე მორგებული შენობაა
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენერალურმა დირექტორმა, ნოელ კურანმა პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე საქართველოს პირველი არხის ახალი შენობა პროფესიული თვალით შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო, თანამედროვე და ახალ ტექნოლოგიებზე მორგებული შენობა.
„საქართველო მასპინძლობს 47 ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლების ახალი ამბების ხელმძღვანელებს და, რასაკვირველია, სტუმარი არის ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენერალური დირექტორი ბატონი ნოელ კურანი. მან დაათვალიერა საქართველოს პირველი არხის ახალი შენობა და ეს არ იყო უბრალოდ ვიზიტი, ეს იყო პროფესიული თვალით შეფასება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნოელ კურანის ნათქვამი, რომ დღევანდელ ევროპაში ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო, თანამედროვე და ახალ ტექნოლოგიებზე მორგებული შენობა თავისი პავილიონებით, რომელიც დიდ სიკეთეს მოუტანს, დიდ სამსახურს გაუწევს ჩვენს ქვეყანას, ქართველ ხალხს. ეს არის ბევრი ფილმი, ტელესპექტაკლი და მთელი წარმოება, რასაც სტუდიები მოხმარდება. მათი ანალოგი აქამდე საქართველოში არ იყო“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენერალურმა დირექტორმა, ნოელ კურანმა პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე საქართველოს პირველი არხის ახალი შენობა დაათვალიერა. მასთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე.