ვასილ მაღლაფერიძე - ჩვენი ამბავი იმას ჰგავს, ორი მოჭადრაკე რომ თამაშობს და ჰგონიათ, რომ ფიგურები თავის ჭკუაზე უნდა გასწი-გამოსწიონ და ამ დროს რომელიღაც ფიგურამ თქვა, მე ჩემი ინტერესი მაქვსო
ვასილ მაღლაფერიძე - ჩვენი ამბავი იმას ჰგავს, ორი მოჭადრაკე რომ თამაშობს და ჰგონიათ, რომ ფიგურები თავის ჭკუაზე უნდა გასწი-გამოსწიონ და ამ დროს რომელიღაც ფიგურამ თქვა, მე ჩემი ინტერესი მაქვსო

მსოფლიოში გეოპოლიტიკური ჭიდილი მიდის და ჩვენ ცეცხლოვან კოქტეილებს ვესვრით ერთმანეთს ისეთი რაღაცის გამო, რაც ისედაც ცხადია, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას განაცხადა.

„საბავშვო ბაღში რომ ბიძიას კანფეტი ხელშიც არ ეჭიროს და ჩვენ, პატარა ბავშვებმა, რომ ერთმანეთი დავხოცოთ ამ არარსებული კანფეტის გამო, ის ამბავია. მოდით, ჩვენ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედოთ. ჩვენი მიღება თუ უნდათ, მზად ვართ ყველანაირად, ასეც-ისეც გამზადებული ვართ. ეს მზადყოფნა ძალიან პირობითი რამ არის – ჩვენ რომ ნიდერლანდების დონეზე არ ვართ, ეს ცხადია, მაგრამ ეკონომიკური თვალსაზრისით ჩვენზე ბევრად სუსტი ქვეყნები მიიღეს ევროკავშირში და ნატო-ზე აღარაფერს ვამბობ. მეტი რით დაამტკიცოს მზადყოფნა საქართველომ, როცა დიდ სახელმწიფოებს შორის მესამე-მეოთხე ადგილზეა ნატო-ს მისიებში მონაწილეობით? მეტი რა გამოცდა უნდა ჩავაბაროთ? ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა დავიბოღმოთ ან მტრულად შევხედოთ და ა.შ. გასაგებია, რომ გეოპოლიტიკის გამო ვერ გვიღებენ, მაგრამ არ შეიძლება, ამ მიზეზით ერთმანეთს ცეცხლოვანი კოქტეილები ვესროლოთ. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს ამბავი არის გარედან თავს მოხვეული“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

მისი თქმით, მსოფლიოში დიდი გეოპოლიტიკური ძვრები მიდის და ნათელია, რომ ახალი მსოფლიო წესრიგი უნდა გაჩნდეს.

„მთელ მსოფლიოში დიდი გეოპოლიტიკური ძვრები მიდის. ნათელია, რომ რაღაც სხვა, ახალი მსოფლიო წესრიგი უნდა გაჩნდეს და დალაგდეს. ეს ხდება ხოლმე, ხან იქ გაიმართებოდა ასწლიანი ომი, ხან აქ და მერე დალაგდებოდა ხოლმე. ახლაც ასეა და პირდაპირ რომ ვთქვათ, არც ჩვენი დემოკრატიის ხარისხია რამე შუაში. როგორც ჩანს, ჩვენი ქვეყნის პოზიცია რაღაცნაირად არ მოსწონს ვიღაცას“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

ვასილ მაღლაფერიძემ მსოფლიოში და რეგიონში მიმდინარე მოვლენები ჭადრაკის თამაშს შეადარა.

„ჩვენი ამბავი იმას ჰგავს, ორი მოჭადრაკე რომ თამაშობს და ჰგონიათ, რომ ფიგურები თავის ჭკუაზე უნდა გასწი-გამოსწიონ და ამ დროს რომელიღაც ფიგურამ თქვა, მე ჩემი ინტერესი მაქვსო. მხოლოდ ჩვენ არ გვითქვამს ეს, რომ ჩვენი ინტერესი გვაქვს, ბევრმა სხვა ქვეყანამაც თქვა; აგერ, თურქეთმა თქვა, მე მაქვს ჩემი ინტერესიო, კიდევ ბევრი ქვეყანა იტყვის და, აი, ამ პროცესში ვართ. იმიტომ კი არა, რომ ვინმე ცუდია ან კარგი, ყველა საკუთარი ინტერესით მოქმედებს და, ბუნებრივია, მოთამაშეებს ურჩევნიათ ისეთი ფიგურა, რომელსაც ხელს რომ მოჰკიდებ, არ გაგაწვალებს, პირდაპირ წავა თავის ადგილზე და შეეწირება, ეს არის მთელი ამბავი“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

მისივე თქმით, საზოგადოებას სწორი ინფორმაცია აკლია, რომ სწორი დასკვნები გამოიტანოს და ეს როლი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა იტვირთოს.

„საინფორმაციო რომ დაიწყება და უსმენ, ცეცხლოვანი კოქტეილი უნდა ისროლო თუ არ უნდა ისროლო; მერე დაბალანსება და რაღაცები მიდის, სამი მომხრე უნდა გამოვიდეს სროლის და სამი – მოწინააღმდეგე, ასეთ ვითარებაში ძნელია, სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მსოფლიოში აბსოლუტურად სხვა პროცესები ხდება და საზოგადოებრივი მაუწყებლის ტვირთია, ამაზე დავიწყოთ ლაპარაკი, რაც ერთად უნდა ავწიოთ. უნდა მოვყვეთ, რა ხდება მსოფლიოში და როგორ ხდება. დემოკრატიაზე რომ ვლაპარაკობთ, დემოკრატიაში ადამიანი ინფორმირებული უნდა იყოს. ყველა ვხედავთ, რა ხდება, როგორ გაუჭირდა თვითონ ამერიკას. დასავლური ცივილიზაციის ფლაგმანებს უჭირთ, აღმოჩნდა, რომ სასამართლო სისტემაც ვერ არის თურმე ისე გამართული, როგორც გვეგონა და ა.შ. ჩვენ ჩვენი ინტერესებით უნდა ვიმოქმედოთ და შევხედოთ, რაც ხდება მსოფლიოში“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.