ვასილ მაღლაფერიძე - ჩვენ მოვერგეთ ამ ვითარებას, გადავაწყვეთ არხი, გადავედით დისტანციურ მუშაობაზე, მაგრამ ჩვენი არხი ნებისმიერ ვითარებაში გააგრძელებს მუშაობას, ამისთვის მზად ვართ
ჩვენ მოვერგეთ ამ ვითარებას, გადავაწყვეთ არხი, სხვადასხვა რისკჯგუფში შემავალი ადამიანები სამსახურიდან დროებით გავათავისუფლეთ, გადავედით დისტანციურ მუშაობაზე, მაგრამ ეს არხი ნებისმიერ ვითარებაში გააგრძელებს მუშაობას, ამისთვის მზად ვართ, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ გადაცემაში „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“ სტუმრობისას განაცხადა.
როგორც ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა, საქართველოს პირველი არხისგან მოსახლეობა ყოველთვის მიიღებს გადამოწმებულ და პროფესიულ ინფორმაციას.
„ჩვენ მოვერგეთ ამ ვითარებას, გადავაწყვეთ არხი, თანამშრომლების ერთი ნაწილი დისტანციურად მუშაობს, დღეს ამის ტექნიკური საშუალება არსებობს. ფეხმძიმეები და სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანები გავათავისუფლეთ, მაგრამ ეს არხი ნებისმიერ ვითარებაში გააგრძელებს მუშაობას, ამისთვის ვართ მზად. ეპიდემიის უფრო გავრცელების შემთხვევაშიც კი, ისეთი გრაფიკი გვაქვს აღებული, ჩვენს მოსახლეობას ვპირდებით, რომ მიიღებენ ყოველთვის გადამოწმებულ და პროფესიულ ინფორმაციას. ამის პირობას ვდებთ. ეს იქნება როგორც ტელევიზიით, ასევე რადიოში ყოველ საათში ორჯერ და ეს იქნება ჩვენს ვებპორტალზე 1tv.ge. ასევე ქალბატონი მარი მალაზონიას გადაცემა გავა ყოველ საღამოს რვა საათზე და დილით თერთმეტზე გავიმეორებთ, არის პროფესიონალი ექიმის რჩევები, კითხვებზე პასუხები.
გარდა ამისა, ამ ვითარებას მოვარგეთ და დიდაუდიტორიანი და სტუმრიანი გადაცემები დავხურეთ, რათა დაცული იყვნენ სტუმრებიც, თავად საზოგადოებაც და ჩვენც, რადგან ეს არხი უწყვეტ რეჟიმში უნდა მუშაობდეს. მშობლებს ვპირდებით, რომ არ უნდა შეეშინდეთ ტელევიზორთან ბავშვების დატოვების, ბავშვებისთვის იქნება ძალიან ბევრი მულტფილმი, ფილმები და მრავალფეროვანი პროგრამა.
ჩვენი ყველა პლატფორმა არის მზად, რომ ყველა ინფორმაცია, რაც მსოფლიოში ხდება, გავაშუქოთ. ჩვენ ვმოქმედებთ საერთაშორისო რეკომენდაციებით, გვაქვს კავშირი ევროპის მაუწყებელთა გაერთიანებასთან და ყველა ინფორმაცია იქნება გაშუქებული, მაგრამ მხოლოდ გადამოწმებული და სანდო“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.