არაქართულენოვან მოსახლეობაში ქართული ენის ცოდნა უმნიშვნელოვანესი გამოწვევა, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე. ჩვენ ამ პრობლემასთან მივდივართ ახლოს, ვეძებთ გზებს და გვინდა, ეს პრობლემა სხვებმაც დაინახონ, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ საქართველოს პირველ არხზე სომხური და აზერბაიჯანული სკოლის მოსწავლეებისთვის ონლაინოლიმპიადის გახსნაზე განაცხადა.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, ბევრად დიდი მნიშვნელობის, ვიდრე შესაძლოა ვინმეს ერთი შეხედვით მოეჩვენოს. ერთი მხრივ, ეს არის ქართული ენის შესწავლის წახალისება, მეორე მხრივ კი, გარკვეულად დათვალიერება და ყურადღების გამახვილება, საერთოდ როგორ დგას ქართული ენის ცოდნისა და სწავლების საკითხი არაქართულენოვან მოსახლეობაში. მეტნაკლებად ვიცნობ ამ პრობლემას. ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი გამოწვევა, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე. ჩვენ ამას თვალი უნდა გავუსწოროთ, ენერგიულად და სწრაფად ვიმოქმედოთ, რადგან ჩვენი მოსახლეობის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის ახალგაზრდები, ენის უცოდინრობის გამო ვერ ახერხებენ, სრულფასოვნად ჩაერთონ ქვეყნის ცხოვრებაში. ქვეყანა კარგავს მათ ნიჭს, რესურსს, ენერგიას. ვფიქრობ, საპანიკო არაფერი გვაქვს, მაგრამ ძალიან ქმედითი ნაბიჯები გვჭირდება, რათა უმოკლეს ხანში ეს პრობლემა გადავჭრათ და აღმოვფხვრათ. ეს არ არის დაუძლეველი პრობლემა. უნდა დავხარჯოთ ყველა რესურსი, რათა სრულფასოვნად ჩაერთონ ქვეყნის ცხოვრებაში ეს ადამიანები, ახალგაზრდები, რომლებიც ძალიან მოწადინებულნი, ნიჭიერები, ენერგიული არიან“, – აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ.
მისი თქმით, საქართველოს პირველმა არხმა დაიწყო არაქართულენოვან მოსახლეობაში ქართული ენის ცოდნის გამოწვევასთან მიახლოება, გზების ძიება და ამ პრობლემის სხვებისთვის ჩვენება.
„არ იქნება სერიოზული, ვილაპარაკოთ, რომ გამოწვევას მხოლოდ ამ გზით დავძლევთ, მაგრამ ჩვენ დავიწყეთ ამ გამოწვევაზე საუბარი და ვფიქრობ, უახლოეს ხანში ყველა გავითვალისწინებთ. ეს იქნება დისკუსიის თემა, დავსხდებით და ამ პრობლემას გადავჭრით. პრობლემას მეტნაკლებად ვიცნობ და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. ჩვენ გვაქვს ბევრი საგარეო ფაქტორი, მაგრამ შეიძლება ითქვას, ეს არის ნომერ პირველი. აქედან იწყება ქვეყნის გამთლიანება და ეს არის აუცილებლად გადასადგმელი ნაბიჯები. შეიძლება ითქვას, რომ ეს პროექტი არის პაწაწინა ნაწილაკი იმ დიდი პროექტისა, რაზეც ვსაუბრობთ და რაც გულისხმობს ამ გამოწვევის დაძლევას. ჩვენ პროცესებში მთელი ენერგიით ჩავერთვებით“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
მისი თქმით, პროექტის ავტორებმა ძალიან დიდი საქმე გააკეთეს.
„პროექტის ფუნქცია იქნება, რომ ადამიანებს აჩვენოს პრობლემის არსი, რომელიც ტრაგედიის საფუძველი კი არ არის, არამედ პრობლემის, რომელიც გადაჭრას ითხოვს. დარწმუნებული ვარ, გადავჭრით. ბევრ პროექტზე ვმუშაობთ. დაარსდა საგანმანათლებლო არხი, მიმდინარეობს რესურსების მობილიზება, გამოცდილების დაგროვებას ვგულისხმობ, უპირველესად, და აქ არ არის საუბარი მატერიალურ რესურსზე. ბევრი საქმეა ამ მიმართულებით გასაკეთებელი“, – დასძინა ვასილ მაღლაფერიძემ.
საქართველოს პირველ არხზე სომხური და აზერბაიჯანული სკოლების მოსწავლეებისთვის ონლაინოლიმპიადა დაიწყო. ოლიმპიადაში მონაწილეობას არაქართულენოვანი სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეები იღებენ. მონაწილეობის სურვილი გამოთქვა 200-მდე მონაწილემ, საიდანაც რამდენიმე განაცხადი შეირჩა. პროექტის მიზანია ქართული ენის პოპულარიზაცია იმ რეგიონში, სადაც ჩვენი თანამოქალაქე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ცხოვრობენ.
„ჩვენი ქართული ენა“ არის საქართველოს პირველი არხის პროექტი, რომელიც ქართული ენის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში, არაერთი აქტივობა არის დაგეგმილი. პროექტის ერთ-ერთი ნაწილია საქართველოს რეგიონებში არაქართულენოვანი სკოლებისთვის ქართული ენის ონლაინ ოლიმპიადის ჩატარება. წელს პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება. წელს ონლაინოლიმპიადაში მონაწილეობა არაქართულენოვანი სკოლების მეშვიდე კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ. პროექტის თითოეულ მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი, ხოლო სამი გამარჯვებული დაჯილდოვდება პრიზებით. ასევე, დაჯილდოვდებიან გამარჯვებული მოსწავლეების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებიც.
პროექტის ფეისბუქგვერდზე – „ჩვენი ქართული ენა“ პერიოდულად ვიქტორინები გაიმართება. დასმულ კითხვაზე სწორად გაცემული პასუხის შემთხვევაში, არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეები მოიგებენ წამახალისებელ საჩუქრებს. დაგეგმილია აქტივობა, თავისუფალი თემის დაწერა, სათაურით „ჩვენი ქართული ენა“.
ამასთან, საქართველოს პირველი არხი – განათლების ეთერში, „ტელესკოლაში“ აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი სკოლების მოსწავლეებისთვის ქართული ენის გაკვეთილები უკვე რამდენიმე კვირაა, მიმდინარეობს.