ვასილ მაღლაფერიძე - აზარტული თამაშები უმძიმეს სენად იქცა, მთელი საზოგადოება უნდა დავფიქრდეთ, როგორ შეიცვალოს სისტემა
ვასილ მაღლაფერიძე - აზარტული თამაშები უმძიმეს სენად იქცა, მთელი საზოგადოება უნდა დავფიქრდეთ, როგორ შეიცვალოს სისტემა

აზარტული თამაშები უმძიმეს სენად იქცა, მთელი საზოგადოება უნდა დავფიქრდეთ, როგორ უნდა შეიცვალოს მთლიანად სისტემა, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა.

როგორც ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნა, სამწუხაროდ, სარეკლამო ბაზრის დიდი წილი მოდის აზარტული თამაშების კომპანიებზე. ეს არ არის კარგი ამბავი და სისტემურად უნდა ვიფიქროთ ამ ვითარების შეცვლაზე.

„კარგად უნდა გავიაზროთ, რასთან გვაქვს საქმე. სპორტული ღონისძიებების ლიცენზიების ყიდვა, ტექნიკური ხარჯი ხდება რეკლამის ხარჯზე. ეს საკმაოდ დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული და უნდა გითხრათ, რომ სპორტული ღონისძიებებიდან მიღებული სარეკლამო შემოსავალი მიახლოებითაც ვერ ფარავს ამ პროდუქტების თვითღირებულებას და საზოგადოებისთვის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელი სწორედ პირველი არხია. გამომდინარე იქიდან, რომ აზარტული თამაშები უმძიმეს სენად იქცა, მთელი საზოგადოება უნდა დავფიქრდეთ, როგორ უნდა შეიცვალოს მთლიანად სისტემა. თუ საჭიროა, რაღაცას შეველევით, უფრო სწორად, ყველა ერთად უნდა შეველიოთ, რადგან უფრო დიდ ფასეულობასა და ღირებულებაზე ვიფიქროთ, ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვაზე, ნორმალური ცხოვრების წესის შენარჩუნებაზე. ამიტომ ამის საპირწონე ვერ გახდება რომელიმე სპორტული ტრანსლაციის ჩვენება. სწორედ ამიტომ ერთმნიშვნელოვნად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ კანონი ამას არ გვავალდებულებს, ჩვენ აზარტული თამაშების რეკლამირებას შევწყვეტთ“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

საქართველოს პირველი არხი, უარს აცხადებს აზარტული თამაშების რეკლამის ეთერში განთავსებაზე.  „მიუხედავად იმისა, რომ აზარტული თამაშები და ამ ტიპის რეკლამის გაყიდვა საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული არ არის და საზოგადოებრივი მაუწყებელი არ არღვევს კანონით დადგენილ ნორმებს, საკუთარი მისიიდან გამომდინარე, საქართველოს პირველი არხის უპირველესი მიზანია, უპასუხოს საზოგადოების მოთხოვნებს, ხელი შეუწყოს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და საკუთარი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, შეებრძოლოს ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაში მძიმე სენის სახით გავრცელებულ აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულებას და მავნე ჩვევას“, – აღნიშნულია პირველი არხის განცხადებაში.