ვასილ მაღლაფერიძე - ანზორ ერქომაიშვილი წარმოადგენს საქართველოს ოქროს საგანძურს, საქართველოს პირველმა არხმა დაიწყო მისი შემოქმედების გაციფრულება და 1tv.ge-ზე განთავსება
საქართველოს პირველმა არხმა დაიწყო ანზორ ერქომაიშვილის ბრწყინვალე გადაცემების გაციფრულება, რომელთაგან თითოეული არის სახელმძღვანელო, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა.
„ბატონი ანზორი წარმოადგენს საქართველოს ოქროს საგანძურს. ეს ადამიანი თავისი ღვაწლით, ნიჭითა და შემოქმედებით არის საქართველოზე ზრუნვის ნიმუში. ასეთი ადამიანები ქმნიდნენ საქართველოს. ჩვენ დავიწყეთ ბატონი ანზორის შემოქმედების, როგორც სიმღერის, ისევე მისი სატელევიზიო გადაცემების გაციფრულება, ბრწყინვალე გადაცემების, რომელთაგან თითოეული არის სახელმძღვანელო. ეს არის ბევრი გადაცემა ტელევიზიის არქივიდან და უკვე დაიწყო ამ გადაცემების ვებგვერდზე – 1tv.ge დადება. ყოველდღიურად გაგრძელდება ვებგვერდზე განთავსება. მსურველებს, პროფესიონალებს და უბრალოდ, მისი შემოქმედების მოყვარულებს შეეძლებათ ამ გადაცემების ნახვა“, – აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ.
გამოჩენილი მომღერლის, ლოტბარის, ანსამბლების – „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებლის, ანზორ ერქომაიშვილის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს პირველმა არხმა დაიწყო იმ გადაცემების გაციფრულება, რომლებიც საქართველოს პირველი არხის ოქროს ფონდშია დაცული.