ვასილ მაღლაფერიძე აცხადებს, რომ სექტემბერში საქართველოს პირველი არხი ახალ პროექტს - „საქართველო 360 გრადუსით“ წარადგენს
ვასილ მაღლაფერიძე აცხადებს, რომ სექტემბერში საქართველოს პირველი არხი ახალ პროექტს - „საქართველო 360 გრადუსით“ წარადგენს

წლის ბოლოს, ნოემბერ-დეკემბერში ერთ ძალიან დიდ და თანამედროვე პროექტს გავუშვებთ, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„ეს არის სრულიად ახალი მედიაპროდუქტი. აქ, ამ შემთხვევაში, უკან არ მივდევთ. მოწინავე ტექნოლოგიებთან ვართ. არის ტელევიზორთან, ტელეფონთან კავშირში და ა.შ.“ – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ. საქართველოს პირველი არხის გენერალურ დირექტორს არ დაუკონკრეტებია, თუ რა პროექტზეა საუბარი.

ვასილ მაღლაფერიძემ ასევე განაცხადა, რომ სექტემბერში იგეგმება ახალი პროექტის „საქართველო 360 გრადუსით“ პრეზენტაცია.

„ახლა პირველად ვიტყვი, რომ ეს პროექტი ტელევიზიაში ძალიან ცოტას აქვს ნანახი, სულ რამდენიმე ადამიანს და პირობაც იყო, იმ პირობით ვანახეთ, რომ ამაზე არ ვიტყოდით. ეს არის საქართველოს ფოტოები, ადგილები და ამით ფაქტობრივად, მთელი საქართველო იქნება მოცული.

ჩვენ სექტემბერში ვაპირებთ და მარკეტინგის სამსახური გადაწყვეტს, კონკრეტულად რომელ დღეს იქნება პროექტის პრეზენტაცია, მაგრამ შემდეგ, ეს წლების განმავლობაში გაგრძელდება და მთელი საქართველო, ყველა კუთხე-კუნჭული უნდა იყოს გადაღებული – თელავიდან გადადიხარ ახმეტაში, ახმეტიდან სხვაგან, მერე იქიდან ბათუმში და ასე შემდეგ. ვფიქრობ, ერთი მხრივ, ქართველი ადამიანისთვის ეს იქნება კარგი გაგებით მადისაღმძვრელი, რომ კიდევ წახვიდე, კონკრეტული ადგილი ნახო და ეს ადგილი კიდევ უფრო კარგად დაინახო, მეორე მხრივ კი, უცხოელებისთვის ეს იქნება სავიზიტო, რომ ჩვენი ქვეყანა გაიცნონ“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

მისი თქმით, პროექტზე საქართველოს პირველი არხის ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე მუშაობს.

„ირაკლი გედენიძე თავგადადებული მუშაობს, ჩვენი ეს მართლაც ძალიან კარგი და საინტერესო ადამიანი“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

როგორც ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა, ყველა პროექტი, რაზეც საუბრობს, გადაღების პროცესშია.

„ეს სურვილები კი არ არის, გადაღების პროცესშია“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.