ვასილ მაღლაფერიძე - 2021 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის სატელევიზიო და რადიო ეთერის 70%-ს ქართული წარმოება, ორიგინალური ქართული პროდუქცია იკავებდა
2021 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის სატელევიზიო და რადიო ეთერის 70%-ს ადგილობრივი, ქართული წარმოება, ორიგინალური ქართული პროდუქცია იკავებდა, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მაუწყებლის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
როგორც ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნა, მაუწყებელი სხვადასხვა პლატფორმაზე – პირველი არხი, პირველი არხი რადიო, პირველი არხი ტელესკოლა, ჯამურად აწარმოებდა 100-ზე მეტ ორიგინალურ ქართულ პროდუქტს.
„ბადეში წარმოებული პროდუქციის წილი შემდეგნაირად იყო გადანაწილებული: ადგილობრივი ქართული წარმოება – 70%; ევროპული წარმოების პროდუქტი – 16%; ამერიკული წარმოება – 13%.
2021 წლის საანგარიშო პერიოდში პროგრამული პრიორიტეტებით განსაზღვრული მიმართულებები საეთერო ბადეში შემდეგნაირად გადანაწილდა: შემეცნება, განათლება, კულტურას დაეთმო – 32%; საზოგადოებრივ პოლიტიკური მიმართულების გადაცემები მოიცავდა საეთერო ბადის 9%-ს; საინფორმაციო პროგრამები წარმოდგენილი იყო 19%- ით, გართობა შემეცნების ელემენტები სამაუწყებლო ბადეში ინტეგრირებული იყო – 17%-ით; საბავშვო ახალგაზრდულ პროექტებს დაეთმო -7%; სპორტული მიმართულება მოიცავდა სამაუწყებლო ბადის -16%-ს“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.
მისივე თქმით, პროგრამული გადანაწილების მაჩვენებლების მიხედვით, ყველაზე მეტი დრო საეთერო ბადეში – (32%) დაეთმო კულტურა, განათლება, შემეცნების მიმართულებას.
„პირველი არხი 2021 წელს შემეცნება, განათლება, კულტურის მიმართულებით 20-მდე ორიგინალურ ქართულ პროდუქტს აწარმოებდა. პროდუქტების წარმოებისთვის გაწეულმა ხარჯებმა 2021 წლის მონაცემებით 4 მლნ. ლარი შეადგინა. გარდა კონკრეტული პროექტებისა, მაუწყებელი ინტეგრირებულად აშუქებდა შემეცნება-განათლების მიმართულებით ყველა აქტუალურ საკითხს. 2021 წლის საანგარიშო პერიოდში მონიტორინგის მონაცემებით, შემეცნება-განათლების მიმართულებით გაშუქებული თემების ჯამურმა რაოდენობამ 8,000 ერთეული თემა შეადგინა. კულტურის მიმართულებით მაუწყებლის სხვადასხვა პლატფორმებზე ინტეგრირებულად გაშუქებული თემების საერთო რაოდენობრივი მაჩვენებელი კი, 12,364 ერთეული თემა იყო“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
მისივე თქმით, საქართველოს პირველი არხი თავად აწარმოებს დოკუმენტურ ფილმებსა და სერიალებს, რომელშიც ასახულია საქართველოს ისტორია, საქართველოს ურთიერთობა უცხოეთის ქვეყნებთან, ფილმები პერსონებზე და სხვა არაერთი შემეცნებითი ღირებულების მასალა.
„2021 წლის საანგარიშო პერიოდში მაუწყებელმა აწარმოა და ეთერში განათავსა 30-მდე მხატვრული, დოკუმენტური ფილმი და სერიალი, რომლის ჯამურმა დაფინანსებამ შეადგინა 2 მლნ. ლარამდე. კინო ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობისთვის პირველი არხი კოპროდუქციული წარმოების აქტიური მხარდამჭერი იყო 2021 წლის საანგარიშო პერიოდის მანძილზეც. კოპროდუქციაში ინვესტირებულმა თანხამ 2021 წელს ჯამურად ნახევარი მლნ. ლარი შეადგინა“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.