ვასილ მაღლაფერიძე - 15 სექტებრიდან, როცა მთელ სიმძლავრეებს ჩავრთავთ, ძალიან ბევრი ისეთი სიახლე იქნება, რომელიც პირველ არხზე აქამდე არ ყოფილა
15 სექტებრიდან, როცა მთელ სიმძლავრეებს ჩავრთავთ, ძალიან ბევრი ისეთი სიახლე იქნება, რომელიც პირველ არხზე აქამდე არ ყოფილა, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„პირველი არხი წარმოადგენს პროდუქციას, რომელიც ერთად აღებული, ორ-სამ ტელევიზიაში არ იქნება, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
მისი თქმით, საქართველოს პირველი არხი იბრუნებს მაყურებელს და ეს პროცესი შეუქცევადი იქნება.
„ახლა სრულიად ღიად და დარწმუნებით შეიძლება, ითქვას, რაც ცოტა ხნის წინ ბევრს შესაძლოა, არ სჯეროდა, რომ პირველი არხი სულ მალე იქნება ფლაგმანი ქართულ ტელესივრცეში. ფლაგმანი შეიძლება, ახლაც არის, მაგრამ ამას საზოგადოება ცოტა ხანში დაინახავს. იმიტომ, რომ ეს არხი ერთდროულად, ბევრი მიმართულებით ვითარდება. ეს ერთი მხრივ, არის იმ კოლექტივის დამსახურება, რომელიც პირველ არხზე მუშაობს და პროფესიონალიზმით და საქმისადმი დამოკიდებულებით გამოირჩევა. მეორე მხრივ, ეს არის იმ სტუდიების დამსახურება, რომელთანაც თანამშრომლობა დავიწყეთ“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
როგორც ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნა, ქართულ ტელესივრცეში სრულად ლიდერობენ საქართველოს პირველი არხის მეგაშოუები.
„მეგაშოუები ამ არხის განუყოფელი ნაწილი ხდება სეზონიდან სეზონამდე. სულ რაღაც წელიწადნახევრის წინ, როცა ვიწყებდით, ეს რაღაც უტოპიად გვეჩვენებოდა და ყველა ერთად ვცდილობდით, აგვეწია, მათ შორის, ტექნიკურად. იმიტომ, რომ იყო განადგურებული და პირდაპირ ვიტყვი, იავარქმნილი ტექნიკური ბაზა. ახლა უკვე, ნელ-ნელა გავიმართეთ წელში და სულ უფრო დიდ ამოცანებს გადავწყვეტთ“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
მისივე თქმით, სასიხარულოა ნებისმიერი წარმატება და რეიტინგი, რაც პატიოსანი გზით არის მოპოვებული.
„ეს ტელევიზიაა და ამის სურვილის გარეშე ტელევიზია ვერ იმოქმედებს. გვიხარია ყველა რეპორტი, ყველა წარმატება და ყველა რეიტინგი, რაც პატიოსანი გზით არის მოპოვებული და, რასაც უკან არ უდევს ცოდვა, ბრალი, ადამიანთა გამწარება და შეცდომაში შეყვანა“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.