ვასილ ჩიგოგიძე - ნიკა მელიას მხოლოდ იმის გამო ვურეკავდი, რომ გადაცემაში მახსენა, ვასიკო ჩიგოგიძე გურიიდან სპეციალურად არ ჩამოდის, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღოსო, ჩემთვის ეს განცხადება იყო მიუღებელი
ვასილ ჩიგოგიძე - ნიკა მელიას მხოლოდ იმის გამო ვურეკავდი, რომ გადაცემაში მახსენა, ვასიკო ჩიგოგიძე გურიიდან სპეციალურად არ ჩამოდის, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღოსო, ჩემთვის ეს განცხადება იყო მიუღებელი

აბსურდია, თითქოს ნიკა მელიას ექვსჯერ დავურეკე, რათა მეთქვა, მხარს გიჭერ და ჩემი იმედი გქონდეს-მეთქი. მას მხოლოდ იმის გამო ვურეკავდი, რომ კვირას, გვარამიას გადაცემაში მახსენა, ვასიკო ჩიგოგიძე გურიიდან სპეციალურად არ ჩამოდის, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღოსო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ვასილ ჩიგოგიძემ განაცხადა.

ჩიგოგიძის თქმით, ნიკა მელიას აღნიშნული განცხადება მისთვის მიუღებელი იყო, რის გამოც მასთან საუბარი სცადა.

„მისგან ეს გამიკვირდა. ჩემთვის ეს განცხადება იყო მიუღებელი და ორშაბათს მისი მოძებნა დავიწყე. ჩემს ზარზე არ პასუხობდა, მივწერე, ვასიკო ვარ ჩიგოგიძე და პასუხი გამეცი-მეთქი. პასუხი მაინც არ გამცა. მივმართე მის ადვოკატს, კონდახაშვილს, რომელიც ჩემი მეგობარია და ვუთხარი, გამაგებინე, რა საქციელია, რა უნდა, რეებს ამბობს-მეთქი. ადვოკატმა მითხრა, არ სურს საუბარი და შემდეგ შეგხვდებაო. კიდევ მივწერე, დამელაპარაკე-მეთქი. დამირეკა და როგორც სჩვევია გამოსვლები, ატეხა პანიკა, რატომ მაწუხებო, ტელეფონი გამითიშა, მასთან მეტი საუბარი არ მქონია.

ვუთხარი, შეხვედრა მინდა-მეთქი. რაზეო, და რა ვალდებულება მაქვს შენთან, რომ მხარდაჭერა მეთქვა-მეთქი. ნიკა მელიასთან ის ურთიერთობა მქონდა, რომ ალბათ, მან ჩათვალა, მისთვის იმუნიტეტის მოხსნას ხმას არ მივცემდი. მასთან პირადი ნაცნობობა მაკავშირებს, ბავშვობის ძმაკაცები არ ვართ, მაგრამ ჩემთანაც ნამყოფია და მასთანაც ნამყოფი ვარ. შეხვედრა იმის გამო მინდოდა, რომ მისი პოზიცია არასწორად მივიჩნიე. გვარამია ეუბნებოდა, ხმას მისცემსო, ეს პასუხობდა, არ მისცემსო“, – აღნიშნა ვასილ ჩიგოგიძემ.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ ვასილ ჩიგოგიძე მასთან შეხვედრას ითხოვდა.

„გუშინ „ქართული ოცნების“ ერთი დეპუტატი შემეხმიანა, შეხვედრას მთხოვდა, შევხვდეთ საერთო მეგობრის სახლშიო. ძალიან ცუდი საუბარი მქონდა. ვუთხარი, რომ შენთან არაფერი სალაპარაკო არ მაქვს, ხვალ ჩატარდება კენჭისყრა, შევხედავ კენჭისყრის შედეგებს, იქნება შენი ხმა დაფიქსირებული ჩემი დაჭერის სასარგებლოდ, იქნება, არ იქნება და მე დაგირეკავ, მე თვითონ გნახავ. ექვსჯერ დამირეკა. დღეს ისეთი მიცა ხმა, მე მგონი, ის ღილაკიც ჩაამტვრია. ეს იყო ვასილ ჩიგოგიძე, რომ ჰკითხო, ღირსეული ადამიანია“, – განაცხადა გუშინ მელიამ.

შეკითხვაზე, რატომ გირეკავდათ ჩიგოგიძე, მელიამ უპასუხა: „შეწუხებული იყო ადამიანი, ისევე, როგორც, დარწმუნებული ვარ, ყველა, ვინც იქ იყო. არ შეიძლება, კომისრობა მოგწონდეს, მოგწონდეს შავზე თეთრის თქმა და დაჭერა ადამიანის, რომელსაც ვერაფერს ედავები სამართლებრივად. ეს ადამიანი გუშინ მეუბნება, რომ მე მაინც თითს არ მივაჭერო და დაგიმტკიცებ, რომ მართალი ვარო. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ვიფიქრე, ეს ადამიანი შეიძლება მართლა ამას გააკეთებს და ვაპირებდი კიდეც საჯაროდ თქმას, აი, ყოჩაღ ვასილ ჩიგოგიძეს, რომ თითი არ მიაჭირა, მაგრამ ვნახეთ, რაც გააკეთა“.