გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძემ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰექს-ეპერ ჯორჯიას“ პროექტის დირექტორმა, მამედ ჯაფარლიმ ვაშლოვანის ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობის საგრანტო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
ხელშეკრულების თანახმად, დაცული ტერიტორიების სააგენტომ ევროკავშირის პროექტის (ENPARD) ფარგლებში, ფინანსური დახმარების სახით, 190 629 ლარის გრანტი მიიღო. აღნიშნული გრანტით ვაშლოვანის ეროვნულ პარკში თანამედროვე ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა დაიწყება. ცენტრის მშენებლობაში დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანადაფინანსება 67 150 ლარს შეადგენს.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია დაცულ ტერიტორიაზე არსებული შენობის დემონტაჟი და თანამედროვე სტანდარტების ვიზიტორთა ცენტრის აშენება. ახალი შენობის პირველადი და ძირითადი დანიშნულება იქნება სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა. შესაბამისად, ვიზიტორებს საშუალება ექნებათ, მიიღონ ნებისმიერი ინფორმაცია და სივრცე კვლევითი მიზნით გამოიყენონ. შენობაში სტუმრების განთავსებაც იქნება შესაძლებელი, რაც დაცული ტერიტორიების სააგენტოს საშუალებას მისცემს, დაცულ ტერიტორიებზე ქართველ და უცხოელ ვიზიტორებს, სკოლის მოსწავლეებს, ეკობანაკებს, სოციალურად მოწყვლად ჯგუფებს და სხვებს უმასპინძლოს.