ვაშლიჯვარში საპროტესტო აქცია გაიმართა
ვაშლიჯვარში საპროტესტო აქცია გაიმართა

ვაშლიჯვარში, თოფურიძის ქუჩასთან მდებარე ნანტის პარკში მოსახლეობის საპროტესტო აქცია „გადავარჩინოთ ვაშლიჯვარი“ გაიმართა.

აქციის მონაწილეები ითხოვენ კორპუსების მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადებასა და მეწყრის შესასწავლად ექსპერტთა ჯგუფის შექმნას, სადაც ადგილობრივი მოსახლეობაც იქნება ჩართული.

მოსახლეობამ მერიას გუშინ პეტიცია წარუდგინა, რომელსაც 5 000 ადამიანი უჭერს მხარს.

„დღევანდელი აქციის მიზანია, კიდევ ერთხელ ხმამაღლა გავაჟღეროთ ის მოთხოვნები და უფლებები, რაც ჩვენ გვაქვს. ჩვენ შევქმენით პეტიცია, რომელსაც რამდენიმე დღეში 5 000-მა ადამიანმა დაუჭირა მხარი და მერიაში შევიტანეთ, ველოდებით რეაგირებას. დღევანდელი აქციის მოთხოვნებია, ვაშლიჯვარში მშენებლობაზე გამოცხადეს მორატორიუმი, რადგან ეს საფრთხეს უქმნის ჩვენს სიცოცხლეს. ასევე, მეწყერთან დაკავშირებით ვითხოვთ დამოუკიდებელი ექსპერტების ჯგუფის შექმნას და მასში ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლების ჩართვას. აგრეთვე, ვითხოვთ ესტაკადის მშენებლობის შეჩერებას. შეისწავლონ ვაშლიჯვარში არსებული ვითარება, გასაჯაროვდეს ეს ყველაფერი და ვიცოდეთ, რა ადგილებია საფრთხის შემცველი“, – განაცხადა აქციის ორგანიზატორმა, რუსუდან ფანოზიშვილმა.