ვაშლიჯვარში ორდონიანი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა იწყება
ვაშლიჯვარში ორდონიანი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა იწყება

თბილისში, ვაშლიჯვარში ორდონიანი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა იწყება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დედაქალაქის მასშტაბით არაერთ მისამართზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე, ორდონიანი კვანძის მშენებლობის სამუშაოებს იწყებს.

როგორც მერმა განმარტა, პროექტი ვაშლიჯვრის დასახლებაში მოძრაობის განტვირთვას უზრუნველყოფს და საბურთალოსა და დიღომს შორის ტრანსპორტის ნაკადის გამტარობას გაზრდის. ასევე, გადაადგილება თავისუფლად იქნება შესაძლებელი ნუცუბიძის პლატოებიდან ვაშლიჯვრის გავლით, დიღმის მიმართულებით და პირიქით მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის.

„მუშაობა 24 საათის განმავლობაში იქნება. შეიძლება, გარკვეული დისკომფორტი და შეზღუდვები იყოს მოსახლეობისთვის, ხმაური იყოს და მინდა ბოდიში მოვუხადო მათ ამ დისკომფორტისთვის, თუმცა ეს ყველაფერი თქვენთვის კეთდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის განხორციელებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.