ვაშინგტონში თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტის პარალელურად, თეთრ სახლთან საპროტესტო აქცია გაიმართა
ვაშინგტონში თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტის პარალელურად, თეთრ სახლთან საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრანტებმა რეჯეფ თაიფ ერდოღანის პოლიტიკა გააპროტესტეს.
როგორც „ვაშინგტონ პოსტი“ აღნიშნავს, საპროტესტო აქცია განსაკუთრებით გამკაცრებული უსაფრთხოების ზომების ფონზე გაიმართა, რადგან 2017 წელს ვაშინგტონში, ერდოღანის ბოლო ვიზიტის დროს, მის დაცვასა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება მოხდა.
აქციის მონაწილეებმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში თურქეთის სამხედრო ოპერაცია დაგმეს და ანკარა ქურთების დევნაში დაადანაშაულეს, ასევე ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა მასობრივი მკვლელობა გააპროტესტეს. დემონსტრანტებმა ასევე მოუწოდეს აშშ-ის ხელისუფლებას, გააგრძელოს სირიელი ქურთების მხარდაჭერა.
საპროტესტო აქციის დროს ინციდენტიც მოხდა, როდესაც აქციის მონაწილეებს რეჯეფ თაიფ ერდოღანის ერთ-ერთი მომხრე დაუპირისპირდა.