ვაშინგტონში მკაცრი მიგრაციული პოლიტიკის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს [ვიდეო]

ვაშინგტონში, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ასობით დემონსტრანტი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ხისტ მიგრაციულ პოლიტიკას აპროტესტებს. ისინი არალეგალი მიგრანტების მასობრივ დეპორტაციას ეწინააღმდეგებიან.

აქციის მთავარი ლოზუნგია “მე მათი ბედი მადარდებს”.

დემონსტრანტების მოთხოვნაა, არსებული კანონი შეიცვალოს და შეწყდეს მიგრანტების მასობრივი დაკავება აშშ-მექსიკის საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო.

დონალდ ტრამპისა და აშშ-ის გენერალური პროკურორის, ჯეფ სეშენსის მიერ გამოცხადებულმა „ნულოვანმა ტოლერანტობამ“ არალეგალი მიგრანტების მიმართ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში აშშ-ში დიდი მღელვარება გამოიწვია. მაისიდან დღემდე აშშ-მექსიკის საზღვარზე 2000-მდე არალეგალი მიგრანტი დააკავეს, მათი თანხმლები არასრულწლოვნები კი სპეციალურ თავშესაფარში გადაიყვანეს. მათი რაოდენობა 2000-ს აღემატება.

მიგრანტთა განცალკევების პოლიტიკას ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების მხრიდან მასობრივი პროტესტი მოჰყვა.

ტრამპმა განცალკევების პოლიტიკის დასრულების შესახებ განკარგულებას ხელი რამდენიმე დღის წინ მოაწერა, თუმცა პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ იგი ხისტი საიმიგრაციო პოლიტიკის მომხრეა.