ვაშინგტონისა და ჰელსინკის მიერ გაფორმებული შეთანხმებით, აშშ-ს ფინეთის 15 სამხედრო ობიექტთან წვდომა ექნება
აშშ-ს ფინეთის 15 სამხედრო ობიექტთან წვდომა ექნება. ამის შესახებ ნათქვამია ვაშინგტონსა და ჰელსინკის მიერ გაფორმებულ შეთანხმებაში, რომელიც თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას ეხება. შეთანხმება ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მას ფინეთის პარლამენტი დაამტკიცებს.
დოკუმენტის მიხედვით, იმ ობიექტებს შორის, რომლებზეც წვდომა აშშ-ს ექნება არის ყაზარმები, პოლიგონები და საწყობები.
ფინეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, აშშ-თან გაფორმებული შეთანხმება მნიშვნელოვნად გააფართოებს ორი ქვეყნის შეთანხმებული მოქმედებების შესაძლებლობას. საუბარია ერთობლივ მანევრებზე და სამხედრო ძალების ურთიერთქმედების სხვა ფორმებზე.
ფინეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, ჰელსინკიში ასევე იმედი აქვთ, რომ აშშ ფინეთის დაცვაზე იზრუნებს.
2022 წელს აშშ-მა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმა ნორვეგიასთან, ხოლო წელს, დეკემბრის დასაწყისში შვედეთთან. ამავე საკითხზე მოლაპარაკებები გრძელდება დანიასთანაც.
ცნობისთვის, მანამდე ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების შემდეგ ჰელსინკის რუსეთთან ურთიერთობებში პრობლემები შეექმნება. პუტინის თქმით, რუსეთი აღადგენს ლენინგრადის სამხედრო ოლქს და მოახდენს სამხედრო შენაერთების გარკვეული რაოდენობის კონცენტრაციას.