ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ ოთხი ვენესუელელი სახელმწიფო მოხელის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. მათ ვაშინგტონი რეპრესიებსა და კორუფციაში სდებს ბრალს.
გუბერნატორ არაგუა რუდოლფო მარკო ტორესს, ყოფილ გუბერნატორ ფრანსისკო ხოზე ანხელ გომესს, პრეზიდენტის სასაზღვრო კომიტეტის უფროსს, გენერალ ხერარდო ხოსე ტორესსა და შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსს ფაბიო ენრიკე პაბონს შეერთებულ შტატებში საბანკო ანგარიშები გაუყინეს.
ზემოთ ჩამოთვლილ პირებსა და მათი ოჯახის წევრებს აეკრძალათ ამერიკის შეერთებულ შტატებში ბიზნესის წარმოება.
„პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და მისი გარემოცვა საკუთარ ინტერესებს ვენესუელელი ხალხის ინტერესებზე მაღლა აყენებს, ამიტომაც ამერიკის შეერთებული შტატები იღებს პასუხისმგებლობას იმოქმედოს ამ პირების წინააღმდეგ, რომლებიც კორუფციაში არიან ჩართულები და მოქალაქეებისადმი რეპრესიებს ახორციელებენ.“ – წერია აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.