სამართალდამცველთა მხრიდან ძალადობისა და რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ რამდენიმედღიანი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, ვაშინგტონის საოლქო საბჭომ პოლიციის რეფორმის გეგმა დაამტკიცა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
საგანგებო კანონპროექტს საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი. საკანონმდებლო ინიციატივა ე.წ. მახრჩობელა ილეთის გამოყენებას კრძალავს და პოლიციის ოფიცრის მონაწილეობით გარდაცვალებისა ან ძალის გამოყენების შემთხვევის შემდეგ სამხრე კამერის ჩანაწერისა და ინციდენტში მონაწილეთა სახელების გამოქვეყნებას ითვალისწინებს.
სხვა ზომებთან ერთად, ახალი კანონი დედაქალაქის პოლიციის დეპარტამენტს უზღუდავს საბრძოლო იარაღის შეძენას, ასევე კრძალავს პოლიციაში ისეთი პირების დასაქმებას, რომლებსაც პოლიციური საქმიანობის დროს არამართლზომიერი ქმედებების ჩადენის ისტორია აქვთ.