ვაშინგტონის პოლიციის უფროსი აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა გუშინდელი არეულობის 68 მონაწილე დააკავეს
ვაშინგტონში სამართალდამცველებმა გუშინდელი არეულობის 68 მონაწილე დააკავეს. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ვაშინგტონის პოლიციის უფროსმა, რობერტ კონტემ განაცხადა.
პოლიციის უფროსის განცხადებით, მისი დეპარტამენტი მუშაობს არეულობის ყველა მონაწილის იდენტიფიცირებისთვის და მათზე პასუხისმგებლობის დასაკისრებლად.
დაკავებულთაგან 60 მამაკაცი და რვა ქალია. 68 პირს შორის მხოლოდ ერთია ვაშინგტონიდან.
პოლიციამ ვებგვერდზე გამოაქვეყნა არეულობის მონაწილეთა გამოსახულებები და მოქალაქეებს მათ იდენტიფიცირებაში დახმარებისკენ მოუწოდებს.
შეგახსენებთ, 6 იანვარს აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა, რომელზეც ამომრჩეველთა კოლეგიის ხმის მიცემის შედეგები უნდა დაემტკიცებინათ. არეულობის დროს ოთხი ადამიანი გარდაიცვალა.