ვაშინგტონის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას პროგრამის - DACA​-ს სრულად აღდგენა დააკისრა
ვაშინგტონის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას პროგრამის - DACA​-ს სრულად აღდგენა დააკისრა

ვაშინგტონის ფედერალურმა მოსამართლემ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას DACA​-ს სახელით ცნობილი საიმიგრაციო პროგრამის სრულად აღდგენა დააკისრა. პროგრამა აშშ-ის ტერიტორიაზე არალეგალური გზით შეყვანილ არასრულწლოვნებს დეპორტაციისგან იცავს.

მოსამართლე ჯონ ბეითსმა ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მიერ შემოღებული საიმიგრაციო პროგრამის ძალაში დატოვების შესახებ დადგენილება აპრილში მიიღო. მან მოქმედ ხელისუფლებას 90-დღიანი ვადა მისცა მყარი არგუმენტების წარსადგენად, რატომ უნდა გაუქმდეს DACA. თუმცა, მთავრობის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები მოსამართლემ საკმარისად არ მიიჩნია. აშშ-ის ხელისუფლებას სასამართლოს დადგენილების გასაჩივრების ვადა 23 აგვისტომდე აქვს.

ვაშინგტონამდე საიმიგრაციო პროგრამა ძალაში კალიფორნიისა და ნიუ იორკის ფედერალურმა მოსამართლეებმაც დატოვეს.

2012 წელს შექმნილი პროგრამა 800 ათასამდე ახალგაზრდას აერთიანებს. მათ „მეოცნებეთა“ სახელითაც იცნობენ. DACA სწავლისა და მუშაობის უფლების მინიჭებას ითვალისწინებს იმ არასრულწლოვნებისთვის, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე არალეგალური გზით მშობლებთან ერთად 2007 წლის 15 ივნისის შემდგომ შევიდნენ. ამასთან, ამ პერიოდისთვის, მათი ასაკი 16 წელს, 2012 წლის 15 ივნისის კანონის ძალაში შესვლის მომენტში კი, 31 წელს არ აღემატებოდა.

DACA-ს სისტემა ერთ-ერთია საიმიგრაციო პროგრამებიდან, რომლის გაუქმებაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო დაპირებაა.

დატოვე კომენტარი